ახალციხეში ორი მოზარდი ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ბრალდებულები სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ორი არასრულწლოვანი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 და 17 წლის არასრულწლოვანები ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს და 4-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.