ყვითელი ამბები

ხათუნა ჟორდანია დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა – ზურა ხაჩიძე მონასტრიდან ფოტოს აქვეყნებს

ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია ყინწვისის მონასტერს ესტუმრნენ.
Sputnik

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. ამჯერად ის ფოტოს ყინწვისის მონასტრიდან აქვეყნებს. როგორც ჩანს, წყვილი მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდა. რამდენიმე თვეა ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ზურა ხაჩიძემ საკუთარ Instagram-ზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ხათუნა ჟორდანიას გადასხმას უკეთებდნენ.

გაირკვა, რომ ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა. ამას ზურა ხაჩიძე სხვადასხვა ოფიციალურ წყაროებთან ადასტურებს.

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. აღსანიშნავია, რომ ხათუნა და ზურა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და ეპატაჟური წყვილია.