ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

11 აპრილს ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკებიდან ტყვეთა გათავისუფლების საერთაშორისო დღეა. ისტორიკოსების მონაცემებით, 18 მილიონი ტყვიდან 11 მილიონი გაანადგურეს.
Sputnik

დღეს ბევრი პოლიტიკოსი, კონიუნქტურიდან გამომდინარე, საერთოდ უარყოფს, რომ მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საკონცენტრაციო ბანაკები არსებობდა, მათ შორის, ბავშვთა ბანაკები. თავად ის ფაქტი, რომ ზოგი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკლიან მავთულხლართს მიღმა ბავშვებს აწამებდნენ და ხოცავდნენ, ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსებში ბევრ ეჭვს იწვევს.

Sputnik–ი მწერალს, პუბლიცისტსა და რუსეთის სამხედრო–ისტორიული საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრს არმენ გასპარიანს ესაუბრა და გაარკვია, რატომ დუმდა საბჭოთა პროპაგანდა ნაციზმის მცირეწლოვან პატიმრებზე, და რატომ გრძელდება ეს დუმილი დღესაც.

— როდის შეიქმნა ბავშვთა სიკვდილის ბანაკები?

— 1941 წლის 22 ივნისის შემდეგ საბჭოთა კავშირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტყვეთა ბანაკების პარალელურად სიკვდილის ბანაკებიც დაარსდა — თავდაპირველად უფროსებისთვის, მერე კი, გერმანიის არმიის წარუმატებლობის ზრდის კვალდაკვალ, ბავშვთა ბანაკებიც გაჩნდა.

ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

— კი, მაგრამ, რატომ? გერმანელები ხომ პრაქტიკული ხალხია — ბავშვები რაში სჭირდებოდათ?

— ბავშვებზე ცდებს ატარებდნენ, ძირითადად სამედიცინო ხასიათისას. მფრინავებისთვის, Waffen-SS-ისთვის, შესაბამისად, ვერმახტის საჭიროებებისთვის აღმოსავლეთ ფრონტზე. ბავშვებს სისხლს აცლიდნენ, უნარკოზოდ უკეთებდნენ ოპერაციებს, ამ გზით ტკივილის ზღვარს ზომავდნენ. უამრავი ცდა ჩატარდა.

ინფორმაცია ამის თაობაზე ნაწილობრივ ფიგურირებდა ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალზე. ყველა ეს სამედიცინო ცდა დოკუმენტურადაა დაფიქსირებული, იმიტომ რომ გერმანელები ყველაფერს გულმოდგინედ იწერდნენ და კვლევების შედეგებს ბერლინში აგზავნიდნენ.

ეს უკიდურესად მძიმე, უკიდურესად არასასიამოვნო ისტორიაა. გერმანიაში თავს არიდებენ ამაზე ლაპარაკს.

— სად იყო ყველაზე მეტი საბავშვო ბანაკი?

— ბელორუსიის ტერიტორიაზე. გერმანული ოკუპაციის თვალსაზრისით, ეს რესპუბლიკა ყველაზე მეტად დაზარალდა. რამდენიმე ბანაკი იყო ლატვიაშიც, რომელთაგან ყველაზე ცნობილი გახლდათ სალასპილსი.

ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

— რას ფიქრობთ იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ლატვიელ პოლიტიკოსებს სალასპილსის, როგორც სიკვდილის ბანაკის, სტატუსში ეჭვი შეაქვთ?

— დიახ, ისინი ყველანაირად უარყოფენ სიკვდილის ბანაკის არსებობას და მას ლამის იძულებით სამუშაოზე გასაგზავნი ადამიანების თავშეყრის პუნქტად მოიხსენიებენ. ეს სრული სისულელეა. სალასპილსიცა და სხვა არანაკლებ ცნობილი ადგილებიც ადამიანების განადგურებისთვის იყო დაარსებული.

მათზე ცოტამ თუ იცის. მხოლოდ ადგილობრივებს თუ ჰქონდათ წარმოდგენა, რაც ხდებოდა ბანაკებში, რადგან ყველა მათგანში კრემატორიუმის ღუმელები მუშაობდა.

საბჭოთა კავშირის მოსახლეობაცა და მსოფლიო საზოგადოებაც სიკვდილის ბანაკებზე ქვეყნის გერმანელი დამპყრობლებისგან გათავისუფლების კვალდაკვალ იტყობდა. მაშინ შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელიც ოკუპანტებისა და მათი ხელშემწყობების დანაშაულებს იძიებდა. კომისია საკონცენტრაციო ბანაკების ყველა წერტილს დაწვრილებით აფიქსირებდა, სამარხებს ხსნიდა და აქტებსაც ადგენდა. ყველაფერს მეთოდურად აღწერდა.

— როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ არაფერი იცოდა თუნდაც სალასპილსზე?

— ეს იმდენად შემზარავი დოკუმენტებია, რომ საერთოდ არაა მათი წაკითხვა რეკომენდებული, ვინაიდან სუსტი ფსიქიკის ადამიანებზე უმძიმესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. სწორედ ამის გამო არ გამოსცეს საბჭოთა კავშირში ეს ჩანაწერები.

რუსეთში მხოლოდ 2000–იანი წლების შუა ხანებშიღა დაიწყეს ამ უკიდურესად მძიმე, საზარელი თემის მეტ-ნაკლებად შესწავლა.

საინტერესო ისაა, რომ ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ მოწყობილ ყველაზე გახმაურებულ პროცესებზე, მაგალითად, აუშვიც–ბირკენაუსა თუ დაჰაუს „მოღვაწეების“ პროცესებზე, არსობრივად არც ეხებოდნენ ბავშვთა სიკვდილის ბანაკების საკითხს.

ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

— რატომ დუმდა საბჭოთა ხელისუფლება ნაციზმის ხილულ მხეცობაზე? ხომ შეიძლებოდა ეს ინფორმაცია პროპაგანდისტული მიზნებით გამოეყენებინათ?

— საბჭოთა კავშირი დიდი, ინტერნაციონალური ქვეყანა იყო, რომლის დევიზიც გახლდათ „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ ამ დროს კი შუცმანშაფტ–ბატალიონები, რომლებიც ბავშვების შეპყრობითა და საკონცენტრაციო ბანაკებში მათი გაგზავნით იყვნენ დაკავებული, ადგილობრივი მოსახლეობისგან იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამიტომ საბჭოეთში ასეთი ფაქტებისგან დისტანცირებას არჩევდნენ.

ჩვენ რკინის ფარდის მიღმა ვცხოვრობდით, საკუთარი ისტორია გვქონდა, რომელიც ძალიან ხშირად შესაბამისობაში არ მოდიოდა დასავლურ ისტორიულ კვლევებთან. ამიტომ როცა სალასპილსზე ალაპარაკდნენ და ის ლამის „შესაკრებ პუნქტად“ გამოაცხადეს, აღმოჩნდა, რომ ჩვენ სერიოზული არგუმენტაცია საერთოდ არ გაგვაჩნდა.

ისტორიკოსი: ბავშვთა საკონცენტრაციო ბანაკების არსებობაზე დღემდე დუმან

— მაგრამ მტკიცებულებები, ციფრები ხომ არსებობს?

— ბანაკებში მსხვერპლთა რაოდენობის ამსახველი ციფრები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, სალასპილსის შემთხვევაში სპეციალური სახელმწიფო კომისიის დასკვნას ვეყრდნობით, რომელშიც 50 ათასზე მეტ დაღუპულზეა საუბარი, სხვა კი სხვა მონაცემებით ოპერირებს და სხვა რიცხვებს ასახელებს. ამიტომაც ჩნდება შეკითხვები, რომლებსაც არაკეთილსინდისიერი ისტორიკოსები დღეს სათავისოდ იყენებენ.

თუმცა, მაინც და მაინც საკამათო ამაში არაფერია. მაგალითად, ფრაიბურგის (გერმანია) სამხედრო არქივში დოკუმენტური მტკიცებულებები, უამრავი ფოტო არსებობს. 60–70-იან წლებში იქ საკონცენტრაციო ბანაკებისადმი მიძღვნილი ფოტოალბომებიც კი გამოიცემოდა. ახლაც იბეჭდება ამგვარი ფოტომასალა.

ჩემი აზრით, ჩვენც გვაქვს უფლება, გამოვაქვეყნოთ ისინი, რადგან ეს სრულიად გაუგონარი, წარმოუდგენელი ტრაგედიაა, რომელიც საბჭოელებს დაატყდა თავს, განსაკუთრებით კი რუსეთს. და ეს იმიტომ, რომ შუცმანშაფტებს საკუთარი მიზნები ჰქონდათ — რაც შეიძლება მეტი რუსის განადგურება. უიარაღო ბავშვს კი იოლად იტყუებდნენ, ეუბნებოდნენ, ბანაკებში გაჭმევენ, სათამაშოებს მოგცემენო და ბავშვებიც თავისით მიჰყვებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.

—სიკვდილის ბანაკის მსხვერპლთა სამარხებზე ძეგლებს არ დადგამენ?

— ბელორუსიაში სიკვდილის ყოფილი ბანაკები დღე მემორიალებადაა ქცეული. არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც, ეს მემორიალები მუზეუმებად და მარადიული ხსოვნის ძეგლებადაა გამოცხადებული და რომლებიც ყველას შეახსენებს იმ საშინელებას, რაც ამ ტერიტორიაზე მოხდა…