საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი სომხეთს ეწვევა

მინისტრებმა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ერევანში მიიწვია, იუწყება "Sputnik–სომხეთი" სომხეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით.

სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა

ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ტოროსიანმა ტიკარაძე ერევანში მიიწვია. ტიკარაძე მოწვევას დათანხმდა.

მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით თანამშრომლობის საკითხები. ტოროსიანი და ტიკარაძე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობასა და ინფორმაციების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს პირველად გასული წლის 6 აგვისტოს ეწვია. მაშინ მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმის პირობები განიხილეს. გარდა ამისა, ტოროსიანი თბილისში იმყოფებოდა სექტემბერშიც, რა დროსაც მან მოინახულა ავტოავარიის შედეგად თბილისის საავადმყოფოში მოთავსებული სომხეთის ორი მოქალაქე.