COVID-19 - ბოლო ცნობები

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ჩინეთის მოქალაქემ პეკინი 27 იანვარს დატოვა. შემდეგ ორი დღე ყაზახეთში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით მოათავსეს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ხუთშაბათს კლინიკაში ჩინეთის მოქალაქე მიიყვანეს, რომელსაც რესპირატორული დაავადება აღენიშნებოდა. მან ჩინეთი 27 იანვარს დატოვა. შემდეგ ორი დღე ყაზახეთში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდა. იმყოფებოდა გუდაურში, ბაკურიანში და ორი დღის წინ აღენიშნა ტემპერატურის მომატება – 38oC-ზე მეტი.

ექიმების განმარტებით, მამაკაცს В ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა და უტარდება შესაბამისი სტანდარტული მკურნალობა.

ვის არ ემართება კორონავირუსი – მეცნიერები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

„ბოქსებში მყოფ არც ერთ პაციენტს – არც ქართველს და არც ჩინელს, ლუგარის ცენტრის კვლევის თანახმად, კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჩინელს აქვს В ტიპის ვირუსი და ჩვეულებრივი ინფექცია – გრიპია. უტარდება სტანდარტული მკურნალობა", – განაცხადეს ექიმებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო ვითარება გამოაცხადა. აქედან გამომდინარე, მრავალი ქვეყნის ხელისუფლებამ გააძლიერა სასაზღვრო კონტროლი, შეჩერდა ჩინეთთან ავიამიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ჩინეთში 636 ადამიანი დაიღუპა, დაავადებულთა რიცხვმა 31 161-ს მიაღწია, განკურნებულთა რიცხვი 1,5 ათასს აჭარბებს.

ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.