რატომ არ არის ქართული მაწონი ქართული, ანუ იძებნება მაწვნის დედა

რისგან უნდა მზადდებოდეს დღეს ბაზარზე ასე მრავალფეროვნად წარმოდგენილი მაწონი და რა მდგომარეობაა დღეს მერძევეობის დარგში, „Sputnik-საქართველოსთან“ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კონიაშვილი საუბრობს.
Sputnik

„მაწონი" ქართული ტრადიციული პროდუქტია, რომლის მისაღებად სულ ორი ინგრედიენტი – რძე და დედოა საჭირო. დედო, რომელსაც მოსახლეობაში „მაწვნის დედასაც“ ეძახიან, წესით და კანონით, საქართველოში გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა კონკრეტულად რომელ შტამს უნდა შეიცავდეს რძის ეს პროდუქტი – ჯერ ოფიციალურად განსაზღვრული არ არის.

რატომ არ არის ქართული მაწონი ქართული, ანუ იძებნება მაწვნის დედა

კახა კონიაშვილი

- დღეისათვის მაწვნის ცნებას განსაზღვრავს ორი სამართლებრივი აქტი: „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანება და საქართველოს მთავრობის დადგენილება.

1. „საქპატენტის“ მიერ მაწონი რეგისტრირებულია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2011 წლის მიმართვის საფუძველზე (რეგისტრაციის თარიღია 2012 წლის 24 იანვარი).

ამ ბრძანების თანახმად, „მაწონი ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტია, რომელიც ძროხის, კამეჩის, თხის და, იშვიათად, ცხვრის რძისგან, ან მათი ნარევისგან მიიღება. რძის რძემჟავურ დუღილს წარმართავს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისგან შემდგარი დედო“.

2. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებით, მაწონი არის „ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის ან აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით, საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისგან შემდგარი დედოთი“.

როგორ შევამოწმოთ რძის ნაწარმი – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ორივე დოკუმენტი ცალსახად აღნიშნავს, რომ მაწონი უნდა იყოს დამზადებული ადგილობრივი დედოთი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არც გამოყოფილია და არც აღიარებული. შესაბამისად, გვაქვს კაზუსი – ანუ, ერთი მხრივ, გვაქვს კანონის მოთხოვნა, რომ მაწონი ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც ადგილობრივი დედოთი იქნება დამზადებული, ხოლო მეორე მხრივ, არანაირი საშუალება იმისა, რომ ეს დედო მწარმოებელმა შეიძინოს, ჯერჯერობით არ არსებობს.

დღეს ბაზარზე არის მაწონი, რომელიც აღდგენილი რძით (რძის ფხვნილისგან) არის დამზადებული და რომელიც არის დამზადებული ასევე ადგილობრივი ნედლეულით. მათ ბაზარზე სხვადასხვა ნიშა უჭირავთ და ბრენდულადაც სხვადასხვა მიმართულება აქვთ. მაგრამ ყველა მწარმოებელმა დღესვე რომ გამოაცხადოს, ჩემი პროდუქტი ადგილობრივი დედოთია ნაწარმოებიო, ვერც კომპანია დაამტკიცებს თავის სიმართლეს და ვერც მაკონტროლებელი – საწინააღმდეგოს, რადგან არ არის დადგენილი – კერძოდ რომელ ბაქტერიულ შტამს უნდა შეიცავდეს დედო, რომ ადგილობრივად ჩაითვალოს.

რატომ არ არის ქართული მაწონი ქართული, ანუ იძებნება მაწვნის დედა

- რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის ირანულ შესქელებულ რძეზე დამზადებული პროდუქტი?

- ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანატურალური ძროხის რძე არ არსებობს. არის რძე ნედლი და აღდგენილი, რომელიც მიიღება ფხვნილის, წყლის და ცხიმის ჰომოგენიზაციის შედეგად. რძის ფხვნილს აწარმოებენ ის ქვეყნები, რომელთაც რძის სიჭარბე აქვთ, ჩვენ კი ობიექტური მიზეზების (ნედლი რძის დეფიციტის) გამო ვახდენთ ამ ფხვნილის იმპორტს. ბოლო პერიოდში რძის ფხვნილს კონკურენტი გამოუჩნდა ირანული ნორმალიზებული რძის სახით, რომელიც მაღალცხიმიანი პასტერიზებული რძის დასახელებით შემოდის საქართველოში. რაც შეეხება ნედლი რძის იმპორტს, ჩვენ მას ნაკლებად ვეწევით, იმიტომ რომ რძის შორ მანძილზე ტრანსპორტირება რთულია, სამეზობლოში კი ისეთი ქვეყნები არ გვყავს, რომელთაგანაც რძეს შემოვიტანთ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ლაბორატორიულად შეამოწმეს ირანიდან იმპორტირებული ნორმალიზებული რძე (როგორც საბაჟოზეა დაფიქსირებული მაღალცხიმიანი პასტერიზებული რძე) როგორც მიკრობიოლოგიურ მახასიათებლებზე, ასევე ვეტერინარულ ნარჩენებსა და რძის ცხიმის სისუფთავეზე (ანუ მასში მცენარეული ცხიმის არსებობაზე) და, როგორც ანალიზმა აჩვენა, ყველა მიკრობიოლოგიური მახასიათებელი ნორმის ფარგლებშია და არ შეიცავს ანტიბიოტიკებსა და მცენარეულ ცხიმს.

რატომ არ არის ქართული მაწონი ქართული, ანუ იძებნება მაწვნის დედა

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პროდუქტი თავისი ფასიდან გამომდინარე გახდა არა ქართული ნედლი რძის, არამედ იმპორტირებული ფხვნილის კონკურენტი.

რაც შეეხება ფხვნილისა და ირანული რძისგან დამზადებული პროდუქციის ხარისხს, უნდა გაიმიჯნოს თუ ვინ და როგორ იყენებს მას. მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტირებული ფხვნილის და რძის დიდი ნაწილი იმ ფიზიკური პირების ხელში ხვდება, რომლებიც რძის პროდუქტების მწარმოებელ ბიზნეს-ოპერატორებად არ არიან რეგისტრირებული და მათ სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ/არ აკონტროლებს. შესაბამისად, საეჭვოა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხიც და უვნებლობაც. ხოლო რეგისტრირებული კომპანია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ამზადებს პროდუქციას, ეტიკეტზე მითითებული აქვს ყველაფერი და მომხმარებლის გადასაწყვეტია – რას იყიდის.

დაქცეულ და „გაქცეულ“ რძეს ნუ დასტირით...

- სოციალურ მედიაში ვრცელდება მოსაზრება, რომ მაწონი მხოლოდ ადგილობრივი ნედლი რძისგან უნდა მზადდებოდეს, რამდენად არის ეს შესაძლებელი მოცემულ რეალობაში?

- გამომდინარე იქიდან, რომ „მაწონი“ წარმოადგენს გეოგრაფიულ აღნიშვნას, შესაბამისად, მისი ყველა ინგრედიენტი წარმოებული უნდა იყოს საქართველოში; მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული და სახელმწიფოს შესაბამისი უწყების მიერ არ არის აღიარებული ადგილობრივი დედო, მხოლოდ ადგილობრივი რძე ვერ იქნება ამ შემთხვევაში მაწვნის იდენტობის განმსაზღვრელი.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხსენებული ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში როგორც რძის მწარმოებლების ინდუსტრია, ასევე მომხმარებლები დადგებიან შემდეგი საფრთხეების და პრობლემების წინაშე: 1) მწარმოებლებს მოუწევთ ქართული რძის შესყიდვის გაზრდა არანებაყოფლობით (იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რძე არ არის მაწვნის იდენტობის განმსაზღვრელი) ყველა სეზონზე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ნედლეულის (რძის) და, შესაბამისად, პროდუქციის ღირებულების გაზრდას; 2) გაურკვეველი დარჩება ის ფაქტი, მაწონი დამზადდება თუ არა ქართული შტამებისგან შემდგარი დედოს გამოყენებით. მართალია ასეთი შტამები რამდენიმე მწარმოებელს ახლაც აქვს, მაგრამ არ არსებობს დედოს იდენტიფიცირების, შემოწმების, კონტროლის და აღიარების კანონმდებლობით განსაზღვრული მექანიზმები. ამდენად აღნიშნული საკითხი პასუხგაუცემელი დარჩება და გზას გაუხსნის არაკეთილსინდისიერ ბიზნეს-ოპერატორებს; 3) ქართველ მომხმარებელს გაუძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტ(ებ)ი, თანაც ისე, რომ ვერ მიიღებს უფრო მაღალ ხარისხს.

მოსახლეობას მალფუჭებადი სურსათის შეძენისას გარკვეული წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

- რამდენად შესაძლებელია იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქტით და რამდენად აქვს მერძევეობის დარგს განვითარების პერსპექტივა?

- დღეს რძემჟავა პროდუქციით ჩვენს ბაზარს ფაქტიურად ვაკმაყოფილებთ, მაგრამ ნედლეულის მხრივ პრობლემები (რძის დეფიციტი) გვაქვს. ჩვენი რძის პროდუქტების მწარმოებელი ის კომპანიები, რომლებიც იმპორტირებულ ფხვნილს მოიხმარენ, სიამოვნებით დაიმატებენ დიდი ოდენობით ნედლ რძეს, მაგრამ რეალურად ეს რძე არ არის ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში რძის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპაში. საქართველოში ეს ფასი გამომდინარეობს მოთხოვნიდან და, შესაბამისად, ინვესტორის ინტერესიც მაღალია მერძეულ ფერმაში ფულის დაბანდების.

საქართველოში რძის ფასი დამოკიდებულია სეზონზე. ზამთრის პერიოდში რძე ძალიან ნაკლებია. ეს გამომდინარეობს ყუათიანი საკვების ნაკლებობით, ძროხის მშრალობის პერიოდით და ა.შ. გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე კი საკვებიც მეტია, უკეთესიც და საქონელიც კარგად იწველება. შესაბამისად, რძის ფასი ზაფხულში იკლებს და ზამთარში იმატებს. რაც შეეხება ინდუსტრიულ ფერმებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აწარმოებენ რძეს, კომპანიები მათ ერთიან ფასზე უთანხმდებიან მთელი წლის განმავლობაში. ის 1.35-1.40 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს საკმაოდ მაღალი ფასია. თანაც ეს არის საბაზისო ფასი, რომელიც რძის ცხიმიანობის მიხედვით კიდევ იმატებს.

პირველად საქართველოში: ძროხები ექსპოს პოდიუმზე

საქართველოში დღეს მეწველი საქონლის ის რაოდენობა გვყავს, რომელიც მაღალპროდუქტიულობის შემთხვევაში სრულიად დააკმაყოფილებდა ბაზარს, მაგრამ საქართველოში დღეს ძირითადად ადგილობრივი ჯიშების საქონელია გავრცელებული, რომელთა პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია. ადგილობრივი ბაზრის სრულიად დასაკმაყოფილებლად საჭიროა პროდუქტიული საქონელი და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა. თუ არ მოხდა არსებული ფურების პროდუქტიული ჯიშით ჩანაცვლება, ადგილობრივ რესურსზე დაყრდნობით ჩვენ საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ. თუ ჩვენი ერთი ძროხა საშუალოდ წელიწადში იწველება 1.2-1.5 ტონას, 7.5-8 ტონამდე მისი წარმადობის გაზრდის შემთხვევაში რძის ფხვნილის იმპორტირება საერთოდ აღარ დაგვჭირდება.

გარდა დაბალპროდუქტიული საქონლისა, არსებობს ბევრი სხვა პრობლემაც: საკვები ბაზისა და კვების რაციონი, ფერმის მენეჯმენტის და ცოდნის დაბალი დონე. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელი ფერმერი გვყავს, რომელმაც იცის როგორ მოუაროს საქონელს, როგორ კვებოს და მიიღოს მაქსიმალური შედეგი.

ჩვენი სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მერძეული ფერმების განვითარებას, რათა მეტი იყოს რძე და, შესაბამისად, ფასიც იყოს დაბალანსებული, რათა იმპორტი ჩავანაცვლოთ. საჭიროა წვრილი და საშუალო რძის მწარმოებელი ფერმების მოძლიერება. მერძევეობა და მეცხოველეობა მთელ საქართველოშია გავრცელებული, მაგრამ ძირითადად ეს არის ერთ-, ორ- ან სამძროხიანი შინამეურნეობები. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სურსათის სააგენტომ 2020 წელს უნდა განახორციელონ ამ ფერმერების აღწერა. ამ დადგენილების მიხედვით, ხუთი და ნაკლები ძროხა ვისაც ჰყავს, ისინი ჩაითვლებიან შინა მეურნეებად და მათზე არ გავრცელდება სურსათის უვნებლობის მკაცრი კონტროლი. უკვე ექვსი ძროხის პატრონები კი ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების კატეგორიაში იქნებიან და მიეცემათ საშუალება გაზარდონ სულადობა და ჩაანაცვლონ ისინი პროდუქტიული ჯიშებით.

რას მიირთმევდა საუზმეზე ვახტანგ გორგასალი და რითი ვახშმობდა თამარ მეფე

- მაწვნის საექსპორტო პერპექტივებზე რას იტყვით?

- ზოგადად, როცა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე ვსაუბრობთ, ეს ცნება შემოტანილია იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი ტრადიციულის დაცვა, მისი უფრო მაღალი ღირებულების შექმნა, პოპულარიზაცია და ექსპორტზე გატანა.

კონკრეტულად მაწონს რაც შეეხება, ის არის მალფუჭებადი პროდუქტი, რომლის შენახვის მაქსიმალური ვადა ორი კვირაა. ჩვენ ვერ მოვახდენთ მის ექსპორტს უახლოეს სამეზობლოში, იმიტომ რომ მსგავსი პროდუქტი იქ მოიპოვება. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს მისი გატანა შორეულ ქვეყნებში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დადგება მისი შენახვის პრობლემა. სანამ მაწონი რომელიმე ევროპის ქვეყანაში ჩავა და თაროზე განლაგდება, მას ფაქტობრივად შენახვის ვადა გაუვა, ამიტომ მთელ რიგ ქვეყნებში კომპანიები ახდენენ დედოს ექსპორტს, ხოლო თვითონ პროდუქტს ადგილზე აწარმოებენ. ჩვენც ზუსტად ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავიკეტებით საქართველოში და მაწონი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარების პროდუქტად დარჩება. ამიტომ ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა – სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და „საქპატენტთან“ ერთად დავიწყოთ მუშაობა ქართული დედოს იდენტიფიცირებაზე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამების გამოყოფასა და მათ აღიარებაზე. ასევე აუცილებელი იქნება დედოს ადგილობრივი ინდუსტრიული წარმოების შექმნაც. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქართული დედოთი დამზადებული მაწონი არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს, არამედ გამოჩნდეს შორეული ქვეყნების მარკეტების დახლებზეც. აღსანიშნავია, რომ მაწვნის მიმართ ინტერესი მსოფლიო ბაზარზე არის და ეს უნდა გამოვიყენოთ.