ინდოეთის მოქალაქის მკვლელობა თბილისში: ცნობილი ხდება ახალი დეტალები

ინციდენრის მიზეზი მეზობლებს შორის ღობის გამო ერთი წლის წინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. თბილისში მოკლული 34 წლის ინდოეთის მოქალაქე მეზობელმა ღობის გამო მოკლა.

როგორც მოკლულის სიმამრმა განაცხადა, ჩხუბის მიზეზი გახდა ყოფითი კონფლიქტი, რომელიც თბილისში მათი გადმოსვლისთანავე დაიწყო და თითქმის ერთ წელს გაგრძელდა. კერძოდ, კონფლიქტი მოხდა ღობის გამო, რომელიც მეზობლებს ყოფდა.

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

„გუშინ ღამით დაანგრია ჩვენი ღობე და გატეხა კამერები, დღეს მოიტანა იარაღი, რომ მოეკლა ჩვენი სიძე. დღეს სახლში შესვლა უნდოდა, მაგრამ ჩემმა სიძემ არ შემოუშვა. ამის შემდეგ მან ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი მას სამჯერ ესროლა“, - ტელეარხ Palitra TV-ის ეთერში განაცხადა მოკლულის სიმამრმა.

შსს-ს მონაცემებით, ინციდენტი ისნის რაიონში, დოდაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა 67 წლის მეზობელმა მამაკაცმა - საქართველოს მოქალაქემ.

სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან - 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.