არჩევნები 2020: რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“

დღეისათვის ქართულმა ოპოზიციამ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანება შეძლო და მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ერთიანი ფრონტით წარდგებიან და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნებზე ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღების იმედი აქვს, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის ლიდერობისა, მას მხოლოდ 25-30% აქვს მხარდაჭერა. მეორე მხრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, თუ ვის მისცემს ხმას.

„ჩვენ შიდა კვლევები ჩავატარეთ, რომელიც აჩვენებს შიდა განწყობას და მან ასევე დაგვანახა, რომ ჩვენ ყველა შანსი გვაქვს გადავლახოთ 2016 წლის შედეგი. ჩვენი პროგრამა–მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმის მიღებაა, სხვა დანარჩენი კი ჩვენ მუშაობაზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის 42,04%-იანი გამოცხადების პირობებში ხმების 48,68% აიღო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საუბარი ეხება პოტენციურ მხარდაჭერას, ამიტომ მმართველი პარტია აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას გეგმავს.

დღეისათვის ქართულმა ოპოზიციამ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანება შეძლო. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ერთიანი ფრონტით წარდგებიან და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ.