თბილისში ცნობილი ქართველი აბსტრაქციონისტი მხატვრის გამოფენა გაიხსნება

როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ნამუშევრები, რომლებსაც დამთვალიერებელი იხილავს, სავსეა „საინტერესო და მძაფრი შეგრძნებებით“.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი აბსტრაქციონისტი მხატვრის ავთანდილ მოსიაშვილის ნახატების გამოფენა იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) პარასკევს, 7 თებერვალს გაიხსნება.

ექსპოზიცია მხატვრის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც მუზეუმში აღნიშნავენ, ნამუშევრები, რომლებსაც დამთვალიერებელი იხილავს, სავსეა „საინტერესო და მძაფრი შეგრძნებებით“. 

„სამოთხის შეხება": ქართველი მხატვარი ბულგარეთში პერსონალურ გამოფენას გამართავს

„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 30-მდე ნამუშევარი ფართო საზოგადოებას წარუდგენს მხატვრის მკვეთრ ინდივიდუალურ ხედვას, ოსტატობის დონეს, რაც აბსტრაქციაში ყველაზე უკეთ აისახა. ავთანდილ მოსიაშვილი ერთ-ერთი პირველი აბსტრაქციონისტია ქართულ სახელოვნებო სივრცეში“, – აღნიშნავენ მუზეუმში.

ავთანდილ მოსიაშვილი 1939 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. მოსიაშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთისა და სხვა მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

საქართველოს დამსახურებული მხატვარი ავთანდილ მოსიაშვილი ეროვნული სამხატვრო სკოლის ნათელი წარმომადგენელია. არის საერთაშორისო გამოფენებისა და ბიენალეების მრავალგზის მონაწილე, ასევე კონკურსების გამარჯვებული. მხატვრის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ.

მუზეუმ „ქარვასლაში“ გამოფენა 2020 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდება. ექსპოზიციის გახსნაზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: სიონის ქუჩა, 8.