შეცვალე სამყარო: საქართველოში ინოვაციური იდეების კონკურსი გამოცხადდა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევარებს, რომელთა იდეებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ასევე მეწარმეებს, რომელთა პროექტები კაცობრიობას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ინოვაციური იდეების კონკურსი „შერეკილები“, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეწარმეებსა და მკვლევარებს, ქართულმა კომპანიამ Startup Grind Tbilisi ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამოაცხადა.

საქართველოში საუკეთესო ბიზნეს-კომპანია გამოავლინეს

Startup Grind გლობალური სტარტაპ-საზოგადოებაა, რომელიც მოწოდებულია შეასწავლოს, შთააგონოს და გააერთიანოს მეწარმეები. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი უნიკალური შესაძლებლობაა იმისთვის, რათა მონაწილეებმა წარმოადგინონ საკუთარი გაბედული ბიზნეს-იდეები და პერსპექტიული ინოვაციური კვლევები.

„ზოგჯერ ქართველებს მეოცნებე ერს გვიწოდებენ. პრინციპში, თავის დროზე რომ არ ეოცნებათ რაღაც მიუწვდომელზე და გრანდიოზულზე, არ იარსებებდა ყველა ის გამოგონება, რაც ახლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ერთ დროს ზოგიერთ გამოგონებაზე ფიქრიც კი სიგიჟედ მიიჩნეოდა“, – წერენ ორგანიზატორები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევარებს, რომელთა იდეებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ასევე მეწარმეებს, რომელთა პროექტები კაცობრიობას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

პროექტ „შერეკილებს“ სულ სამი გამარჯვებული ეყოლება. კონკურსანტების ნამუშევრებს კი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან: ბილ რეიჩერტი - Garage Ventures-ის ფონდის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რონ ვეისმანი - ფონდ Band of Angels-ის თავმჯდომარე, რომელიც თავის დროზე სტივ ჯობსთან ერთად მუშაობდა NEXT-ში, ლიუკ კოვალსკი - Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი და მარვინ ლიაო - 500 Startups-ის აღმასრულებელი დირექტორი და Yahoo-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ-განცხადება. ამ ეტაპზე ორგანიზატორები მონაწილეებისგან იდეებისა და არგუმენტების აღწერას მოითხოვენ. განცხადებების მიღება 10 თებერვლამდე გაგრძელდება. ფინალი 26 თებერვალს არის დაგეგმილი.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით.