უმასპინძლებს თუ არა საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს?

საქართველოს მთავრობაში დარწმუნებულნი არიან, რომ 2025 წელს საქართველოში ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება შესანიშნავი შესაძლებლობაა, საქართველომ კიდევ ერთი სერიოზული განაცხადი გააკეთოს
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 2025 წელს ბორჯომსა და ბაკურიანში დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დეტალების განსახილველად ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული.

საქართველოში დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემფასებელი კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი. ისინი ევროპის ქვეყნების ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო პარამეტრებთან საქართველოს შესაბამისობას შეისწავლიან.

საქართველო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი შეიძლება გახდეს

ნათია თურნავას თქმით, 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება კარგი შანსია, კიდევ ერთხელ გააცნოს საქართველო მსოფლიოს.

 „ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი კურორტები, მთლიანად საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და წინ წავწიოთ ქართული სპორტი, განსაკუთრებით ზამთრის სპორტული სახეობები, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდოს საქართველოში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი არ ჩავარდნილა >>

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, მინისტრის მრჩეველი ალექსანდრე ონოფრიშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

საქართველოს მორიგი რეკორდი: ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება

როგორც ცნობილია, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ იანეზ კოჩიანჩიჩისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2020 წელს ბორჯომსა და ბაკურიანს ფესტივალის შემფასებელი კომისიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

დეტალურ ინფორმაციას ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების შესახებ ქართული მხარე 2020 წლის 31 ივლისამდე მიიღებს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით შექმნა. ესაა რეგიონული საერთაშორისო კომპლექსური სპორტული შეჯიბრებები ახალგაზრდა სპორტსმენების მონაწილეობით ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის 50 ქვეყნიდან. ფესტივალი - როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის - ორ წელიწადში ერთხელ იმართება.