ეკატერინე ტიკარაძე – სახელმწიფო პენსიის მატების ტენდენცია გაგრძელდება

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სოციალური პოლიტიკაა და სოციალურად დაუცველთა დახმარება გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო პენსიის მომატების ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1 ივლისიდან 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

2020 წლიდან პირველადი ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა დაიწყება

ამ დროისთვის ყველა პენსიონერი 220 ლარის ოდენობის პენსიას იღებს.

ტიკარაძის თქმით, სამინისტროს სოციალური პოლიტიკა მიმართულია იმ ადამიანების დახმარებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას.

„სახელმწიფო პენსია არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე, გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმიურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000-ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე – ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ასევე შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერის თემას. მისი თქმით, შშმ პირების მხარდაჭერა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

რას მოიტანს კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესება

ტიკარაძის განცხადებით, 2020 წლიდან შშმ პირებისთვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების ოდენობა გაიზრდება. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და ბავშვები 50 ლარით, ხოლო მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები 20 ლარით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისად, პირველ შემთხვევაში თანხა შეადგენს 250 ლარს, მეორე შემთხვევაში კი 140 ლარს.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 114 ათასი შშმ პირი 20 ლარით გაზრდილ სოციალურ დახმარებას იღებს.

ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცვლილებები შეეხება შშმ ყველა კატეგორიის პირს, მათ შორის ბავშვებს (18 წლამდე - რედ.).

2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილი პენსია მიიღეს პენსიონერებმა.