ვითარება გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე პრობლემები დიდთოვლობამ და  დაბალმა ტემპერატურამ შექმნა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი -  Sputnik. დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 126-157-ე კმ. მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დიდთოვლობა სვანეთში: ჭუბერი გარესამყაროს მოწყდა

ასევე, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის 37-126-ე კმ. მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე მონაკვეთზეც, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

უწყების ინფორმაციით, ინტენსიურმა თოვამ და დაბალმა ტემპერატურამ პრობლემები შექმნა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 14-40-ე კმ (მცხეთიჯვარი-კორბოული) მონაკვეთზეც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.