სახლი, რომელშიც ცოცხლად დაიწვნენ ბავშვები: საზარელი ტრაგედიის დეტალები

ბაღდათის რაიონში მდებარე ხის სახლი იყო მიტოვებული და ავარიულ მდგომარეობაში, სახლში არ იყო ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი -  Sputnik. გორგოძეების ოჯახი, რომლის ხუთი წევრი ბაღდათის რაიონში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, მიტოვებული სახლში რამდენიმე დღის წინ თვითნებურად შესახლდა, უამბეს მეზობლებმა ჟურნალისტებს.

საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა >>

ტრაგედია ბაღდათში გუშინ, საღამოს მოხდა. წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ბავშვი, მათი ორსული დედა და ოჯახის ახლობელი ქალი.

ხანძარი ბაღდათში: დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი

ბავშვების მამა და ბებია სახლში არ იმყოფებოდნენ. ბებია მაღაზიაში იყო გასული, მამა კი სახლიდან გავიდა, როდესაც ყველამ დაიძინა.

ეს ოჯახი ახლომდებარე სოფელ შროშანში ცხოვრობდა.  როდესაც ორსული ქალის ძმა გარდაიცვალა, ოჯახმა ბავშვების გარიდება გადაწყვიტა და მეზობელ სოფელში გადასახლდა.

ადგილობრივების თქმით, მიტოვებულ ხის სახლში არ იყო არც ბუნებრივი აირი, არც ელექტროენერგია, ამიტომ ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხრისა ან სანთლისგან გაჩნდა.

რაიონის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს საცხოვრებელი ფართი ჰქონდათ გამოყოფილი.

„მათ ჰქონდათ შესაბამისი ფართი გამოყოფილი. ისინი მერიის ყველა მუნიციპალური სერვისით სარგებლობდნენ, ასევე ისინი, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, იღებდნენ სოციალურ დახმარებას და უფასო სასადილოთი სარგებლობდნენ“, - აღნიშნა ბაღდათის მერმა არჩილ გოგსაძემ.

ამასთან მერმა ვერ დაასახელა მიზეზი, რომლის გამო ოჯახი მიტოვებულ სახლში აღმოჩნდა.

ამავე დროს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა გორგოძეების ოჯახის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საერთო ჯამში ოჯახი თვეში 1300 ლარს იღებდა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის მოკიდებით, რამაც ორისა და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.