უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლის მსურველი სტუდენტები აქციას მართავენ

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში და საკუთარ ქვეყენაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, აუცილებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. სტუდენტების ნაწილი, რომელიც უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და საქართველოში სწავლის გაგრძელება სურთ, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

საქართველოს მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც კიევის, ერევნისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებში 2019 წელს ჩაირიცხნენ, საქართველოს უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლა უგამოცდოდ სურთ. თუმცა იმისათვის, რომ საქართველოში სწავლა განაგრძონ, ხვალ, 15:00 საათზე გამოცდა უნდა ჩააბარონ ზოგად უნარებში.

„მინდა „სამაგიერო გადაგიხადოთ“ – ოთარ აბესაძე წარმატებულ სტუდენტს სწავლას დაუფინანსებს

აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს მიდგომა უსამართლოა, რადგან მისაღებ გამოცდებზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარდება, სხვა სტუდენტებისთვის უნარები სავალდებულო აღარ არის.

განათლების სამინისტროსთან აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სტუდენტების ნაწილს განათლების სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი.

„სახელმწიფომ დაგვიწესა ბარიერი, გამოცდა, გვითხრეს, რომ ეს გამოცდა იქნება ისეთი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა, მაგრამ ეს არის სამაგისტრო გამოცდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები უპრობლემოდ გადმოდიან და აბარებენ ნებისმიერ უნივერისტეტში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ჩავალაგოთ ჩემოდნები და წავიდეთ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა კიევის სამართლის, ეკონომიკისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტმა მარი ფირალიშვილმა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოეთიდან მობილობით გადმომსვლელ სტუდენტებს  ერთი წლით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ეს გამოცდა უნდა ჩაებარებინათ, ამიტომ დადგენილი წესის გაუქმებას არ აპირებენ. უწყების ინფორმაციით, ზოგადი უნარების ხვალინდელ გამოცდაზე საქართველოს 343 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში და საკუთარ ქვეყენაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, აუცილებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბაროს. აღნიშნული წესი 2018 წელს ამოქმედდა.