მსოფლიო დღეს

კორონავირუსის საფრთხე საკრუიზო ლაინერზე: ხომალდი კარანტინზეა გადაყვანილი

ლაინერის ბორტზე 2 666 მგზავრი და ეკიპაჟის 1045 წევრი იმყოფება - სულ 3,7 ათასი ადამიანი. ზოგი მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. იაპონიის პორტში ორშაბათ საღამოს შესული საზღვაო საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი კარანტინზეა გადაყვანილი მგზავრის გამო, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის დიაგნოზი დაუდგინდა, განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ პრესკონფერენციაზე. 

საშიში პროგნოზი: ამერიკელი მეცნიერი კორონავირუსის გლობალურ პანდემიას ვარაუდობს

გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 2 666 მგზავრი და ეკიპაჟის 1045 წევრი იმყოფება. ცნობილია, რომ დაავადებული ტურისტი 80 წლის ჰონკონგელი მამაკაცია, რომელიც ხომალდზე 20 იანვარს ავიდა და 25 იანვარს ჰონკონგის პორტში ჩავიდა. ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მამაკაცს ახალი ტიპის პნევმონია დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, ხომალდზე მყოფთაგან რამდენიმე მგზავრი შეუძლოდაა და ტემპერატურა აღენიშნებათ. ექიმები ცდილობენ დაადგინონ, ვისთან ჰქონდა კონტაქტი დაინფიცირებულ მამაკაცს.

იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით იზოლაციაში მოაქციოს ლაინერი, რათა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდეთ.

შეგახსენებთ: მანამდე მგზავრის კორონავირუსით დაავადების ეჭვის გამო ასევე კარანტინზე იყო გადაყვანილი საკრუიზო ხომალდი იტალიაშიც, რომლის  ბორტზეც 7

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირება იქნება შესაძლებელი
ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. ამ შემთხვევაშიც ეჭვის ობიექტი ჰონკონგელი ტურისტების წყვილი იყო. ანალიზმა არ დაადასტურა საფრთხე და ხომალდი სანიტარული კარანტინიდან გაუშვეს.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო  კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 20 438 კაცს მიაღწია, 425 პაციენტი გარდაიცვალა, 2 788 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 632 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა. 

გარდა ამისა, კიდევ 23 214 პაციენტზე არსებობს კორონავირუსით დაავადების ეჭვი. ამასთან, ექიმები აკვირდებიან  დაახლოებით 171 300 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან. 

მედიკოსების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება.