კლასიკა და ლუქსი: მადრიდში პოპულარული ქართველი დიზაინერის ჩვენება გაიმართა

ბრენდი Datuna Sulikashvili - ეს არის ლუქს კლასის მოდა. ქართველი დიზაინერი უპირატესობას კლასიკურ ფერებს ანიჭებს
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი - Sputnik. ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ესპანეთის დედაქალაქში მონაწილეობა მიიღო მოდის კვირეულში - Mercedes Benz Fashion Week. ეს მოდური მოვლენა ყოველწლიურად იმართება მადრიდში და ესპანელი და უცხოელი სამოსის დიზაინერებისათვის მთავარ მოედანს წარმოადგენს.

მოდის კვირეულის ფარგლებში ესპანეთის დედაქალაქში 2 თებერვალს ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების კონკურსი ჩატარდა. კონკურსი სპეციალურად მიწვეული მოდელიერის, დათუნა სულიკაშვილის კოლექციის ჩვენებით დასრულდა.

ქართველი დიზაინერის ჩვენებას ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა - საერთაშორისო პრესა და ასზე მეტი ბაიერი.

დათუნას კოლექცია განსაკუთრებული სიმკაცრით და კლასიკით გამოირჩეოდა. დომინანტური ფერები იყო შავი, თეთრი და ოქროსფერი. ქართველმა დიზაინერმა საინტერესო აქცენტები გააკეთა აქტუალურ ოვერსაიზზე და მოცულობით აქსესუარებზე.

დათუნა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. ბრენდი Datuna Sulikashvili - ეს არის ლუქს კლასის მოდა. ქართველი დიზაინერი უპირატესობას ყოველთვის კლასიკურ ფერებს ანიჭებს.

დათუნა სულიკაშვილის დებიუტი 2005 წელს სტუდენტობისას შედგა. შემდეგ იყო სხვადასხვა მოდური ღონისძიება - მოდის კონკურსი Benext, თბილისის მოდის კვირეული, კონკურსები ალმათში, ბაქოში, ასტანაში, ტალინში, Mercedes-Benz-ის მოდის დღეები და ა.შ.

მისი კოლექციები კრიტიკოსების მაღალ შეფასებებს იმსახურებენ. დათუნას სამოსი იყიდება თბილისში, მოსკოვში, პარიზში, ალმათში, ასტანაში, სოჭში, კიევში, ასევე აშშ-ის ინტერნეტ-მაღაზიებში.