COVID-19 - ბოლო ცნობები

ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან დაბრუნებულმა ორმა ქალბატონმა მიმართა

ორივე ქალს ტემპერატურა დაუფიქსირდათ ჩინეთიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, არცერთ მათგანს პნევმონია არ აღენიშნებათ. მათი ანალიზების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი -  Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ჩინეთიდან დაბრუნებულმა ორმა ქალმა მიმართა, იუწყება პირველი არხი.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ვირუსმა ჩინეთის ფარგლებს გასცდა და ავსტრალიაში, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც დაფიქსირდა.

ჯანმო კორონავირუსის აფეთქებას პანდემიად არ აფასებს: ეს არის ეპიდემია მრავალი კერით

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ორივე პაციენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

„ორივეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება, თუმცა არა აეროპორტში. ისინი დღეს არ ჩამოსულან. ერთი 31 იანვარს ჩამოვიდა თბილისში, მეორე კი – 28 რიცხვში. ჩამოსვლის დღეს მათ ტემპერატურა არ ჰქონდათ. არც აეროპორტში დაფიქსირებულა და არც სახლში აღენიშნებოდათ. მათ დღეს თავად მომართეს კლინიკას მაღალი ტემპერატურის ჩივილით. მათგან ერთს უკვე აუღეს მასალა სასუნთქი გზებიდან და ხვალ იქნება პასუხი, მეორეს კი, რომელიც საღამოს შემოვიდა, ხვალ აუღებენ მასალას და მისი პასუხიც უკვე ხვალ საღამოს იქნება. არც ერთ მათგანს არ აქვს პნევმონია და არც ერთი არ იყო მძიმე. დღეისთვის არც ერთს არ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა და სხვა რომელიმე კლინიკური სიმპტომი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო  კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 20 438 კაცს მიაღწია, 425 პაციენტი გარდაიცვალა, 2 788 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 632 პაციენტი საავადმყოფოებიდან გაეწერა. 

კორონავირუსის საფრთხე საკრუიზო ლაინერზე: ხომალდი კარანტინზეა გადაყვანილი

გარდა ამისა, კიდევ 23 214 პაციენტზე არსებობს კორონავირუსით დაავადების ეჭვი. ამასთან, ექიმები აკვირდებიან  დაახლოებით 171 300 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან. 

მედიკოსების ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია მშრალი ხველება, გართულებული სუნთქვა, მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა და სისუსტე. აღსანიშნავია, რომ ზოგ შემთხვევაში ავადმყოფობა პნევმონიის გარეშე მიმდინარეობს და ახლავს მშრალი ხველება და ტემპერატურის მცირედ მატება.