COVID-19 - ბოლო ცნობები

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტირება იქნება შესაძლებელი

საქართველომ მიიღო აუცილებელი რეაგენტები, რომლის დახმარებითაც უკვე ადგილზე მოხდება ახალი კორონავირუსის დადგენა
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტები 4 თებერვლიდან კორონავირუსის იმ ქვეტიპის დიაგნოსტირებას შეძლებენ, რომელიც გავრცელებულია ჩინეთში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი – ჩვენ გვაქვს რესურსი, გავუმკლავდეთ კორონავირუსს

კორონავირუსის ახალი ქვეტიპის დიაგნოსტირება ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალური რეაგენტების დახმარებით მოხდება, რომელიც ადრე ქვეყანას არ ჰქონდა. ტესტისთვის საჭირო მასალების არქონის გამო, აღნიშნულ დაავადებაზე ეჭვმიტანილი პაციენტების ბიომასალები ჰოლანდიაში იგზავნებოდა.

ქართველი სპეციალისტების სიტყვებით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში, ანუ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა - საბედნიეროდ, ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სპეციალურ ბოქსებში ამჟამად საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ჩინეთიდან ბოლო პერიოდში დაბრუნდნენ. ერთი მათგანი მოვლენების ეპიცენტრიდან – ქალაქ უჰანიდან ჩამოვიდა. პაციენტები ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც კი ტესტების პასუხები იქნება ცნობილი და მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი, ისინი კლინიკას დატოვებენ.

უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ>>>

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. ბოლო მონაცემებით ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსის შედეგად 361 ადამიანი დაიღუპა. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 17,2 ათას ადამიანს გადააჭარბა, 150-მდე დაავადებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა ფილიპინებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის აფეთქებას საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია უწოდა.

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.