პატიმრობა განაჩენის გამოტანამდე: სასამართლომ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეუფარდა

ვიცე-პოლკოვნიკის ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის დაცვის ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი დოკუმენტების გაყალბებაში ამხილეს

„მითვისებული იქნა დაახლოებით 9,2 ათასი ლარი. მიმდინარეობს ზიანის სრული ოდენობის განსაზღვრა და ვარაუდია, რომ აღნიშნული ზიანი შეიძლება გაიზარდოს... საუბარია სამშენებლო მასალებზე, ბლოკზე, არმატურასა და სხვა მასალაზე. იგი ამ მასალით ახორციელებდა საკუთარ ეზოში სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობას", – განაცხადა პროკურორმა დავით კვინიკაძემ.

ამავე დროს ჯოჯიშვილის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში სხვა ბრალდებულებიც უნდა იყვნენ.

„მან გარკვეული დახმარება გაუწია სხვა კონკრეტულ პირებს, ამ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციის გაცემის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი როგორც ოჯახიდან, ასევე თავდაცვის სისტემისგან. ამ სამშენებლო მასალებით იგი დაეხმარა სხვა ადამიანს. ეს არის სამხედრო სისტემა, როდესაც ბრძანება ზემდგომის მიერ აუცილებლად უნდა შესრულდეს და მას სხვა უფლება არ ჰქონდა", – განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკის ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.