შავი ჭირიდან კორონავირუსამდე, ანუ ხევსურთა თვითდამარხვის უანალოგო ისტორია

ხევსურეთში ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიის დროს კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენია და მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, რომ მთლიანად არ ამოწყვეტილიყვნენ...
Sputnik

არ მეგულება დღეს უფრო აქტუალური თემა, ვიდრე კორონავირუსია. სოციალური ქსელები, ტრანსპორტი, საქმიანი შეხვედრები, წვეულებები იწყება და სრულდება ამ საშინელ ვირუსზე მსჯელობითა და ათასგვარი ვარაუდების გამოთქმით.

ამ ახალ ვირუსზე და მოსალოდნელ პანდემიაზე ვერაფერს მოგახსენებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მე კი არა, ჯერ მეცნიერებმაც ბევრი არაფერი იციან. სამაგიეროდ შემიძლია გიამბოთ არანაკლებ საშინელ მოვლენაზე, რომელმაც თავის დროზე 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბარი მაქვს შავი ჭირის ეპიდემიაზე, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნიდან მძვინვარებდა, ანუ იმ დროს, როცა მედიცინა აბსოლუტურად უძლური იყო მის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გობის უდაბნოში (მონღოლეთი) წარმოშობილმა დაავადებამ კაცობრიობა საგონებელში ჩააგდო. ჯერ ჩინეთი და ინდოეთი მოიცვა, მერე კი მონღოლთა ჯარებთან ერთად ევროპაშიც შეაღწია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო ოფლიანობა, ციებ-ცხელება, კანკალი, ძლიერი ტკივილები, მაგრამ მთავარი და ყველაზე საზარელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირის ამოცნობა შეიძლებოდა, ჩირქმდინარე წყლულები, ე.წ. ბუბონები იყო.

ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერ ფერს იღებდა, დროთა განმავლობაში კი შავდებოდა. შავმა სიკვდილმა რამდენიმე წელიწადში ევროპის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში კი სულ რაღაც 20 წელიწადში 60 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადების წარმოშობის შესახებ მე-14 საუკუნეში ორი ვერსია არსებობდა. პირველის თანახმად, ყველაფერში დამნაშავე ავი სულები იყვნენ, მეორის მიხედვით კი, წყლულები მომაკვდავის სუნის შესუნთქვის შედეგად ჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ვერსია არაა სწორი, მეორე ვერსიაში ლოგიკის ნიშნები ნამდვილად შეიმჩნეოდა. ექიმები დააკვირდნენ, რომ ავადმყოფთან დიდი დროის გატარების შემდეგ სხვასაც უჩნდებოდა გამონაყარი და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ სწორედ ცუდ სუნში იმალებოდა ავადმყოფობის გამომწვევი ნაწილაკი. ეს თეორია, რომელსაც მიაზმის თეორიის სახელით იცნობენ, მედიცინაში მე-19 საუკუნემდე ბატონობდა.

„შავი სიკვდილის“ შესაჩერებლად ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო იყო, რადგან რეალურად არავინ იცოდა, რა გზით ვრცელდებოდა. იმდროინდელი ექიმები მიხვდნენ, რომ სნეულთან კონტაქტი, მის ტანსაცმელზე შეხებაც კი სახიფათო იყო. ზოგს დაავადებულის ცქერისაც კი ეშინოდა. ამიტომ შემოიღეს პრეისტორიული ფრინველის ჩონჩხის მსგავსი ჩაცმულობა, ნისკარტის მაგვარი თავსაბურავით, რომელსაც დაბურული მინები ჰქონდა, რომ ავ სულს არ შეეღწია.  

ფლორენციის (იტალია) მცხოვრებლებმა შავი ჭირის გადამდებად კატები და ძაღლები მიიჩნიეს, ჟლეტდნენ ამ ცხოველებს და თითქმის ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით გასაქანს აძლევდნენ ამ სნეულების ნამდვილ გამავრცელებელს — ვირთხას.

„შავი სიკვდილის“ გამომწვევი ბაქტერია მხოლოდ 1894 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ბაქტერიოლოგმა ალექსანდრე იერსენმა. ამ ბაქტერიას Yersinia pestis ეწოდა. ოთხი წლის შემდეგ კიდევ ერთმა ფრანგმა, სახელად პოლ-ლუი სიმონმა მიაკვლია მღრღნელების რწყილის როლს შავი ჭირის გავრცელებაში. მაშინვე შეიმუშავეს ვაქცინა, რომელსაც მცირე წარმატება თუ მოჰყვა, რადგან, როგორც გაირკვა, ეს არ იყო მხოლოდ ბნელი შუა საუკუნეების პრობლემა.

1910 წლის ზამთარში შავმა ჭირმა დაახლოებით 50 000 ადამიანი იმსხვერპლა მანჯურიაში. ყოველწლიურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შავი ჭირის ათასობით კერა რეგისტრირდება — ქვეყნების რაოდენობა კვლავაც იზრდება. აღმოაჩინეს აგრეთვე ამ სნეულების ახალი ფორმები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დიახ, სანამ ძირითადი ჰიგიენური ნორმები არ იქნება დაცული, შავი ჭირი კაცობრიობისთვის საშიში რჩება.

საქართველოში შავ ჭირს ჟამიანობა უწოდეს. ეპიდემიას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაცარიელდა ქალაქები და სოფლები. ყველა თავისებურად ცდილობდა დაავადებასთან ბრძოლას, თუმცა ის, რაც საქართველოში, კერძოდ კი ანატორში მოხდა, არსად არასდროს ფიქსირდება. შავი ჭირის ეპიდემია საქართველოში ოქროს ურდოს შემოჰყვა. ჟამიანობას ბაგრატ V-ის ცოლი, დედოფალი ელენე ემსხვერპლა. დაუმარხავი მიცვალებულებით აივსო ქუჩები. გვამებთან მიკარებას ჯანმრთელი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ამიტომ ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. წყალსაც ვერ ეკარებოდნენ, რადგან ისიც ინფიცირებული იყო.

ანატორი შატილიდან ორ კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკლდამებით. ანატორში შავი ჭირით დაავადებულები თავისი ნებით ტოვებდნენ სახლ-კარს და აკლდამებში სიკვდილს ელოდნენ. როდესაც აკლდამა ავადმყოფებით გაივსებოდა, კარს შიგნიდან ამოლესდნენ. ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიის დროს კაცობრიობისთვის უცნობი ფენომენია და მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, რომ მთლიანად არ ამოწყვეტილიყვნენ. დასნეულებული მოსახლეობა კლდოვანი საძვალეებისკენ თავისი ნებით მიდიოდა, რომ ჯანმრთელი ადამიანები საფრთხისგან დაეცვათ. შედიოდნენ აკლდამაში და აღსასრულს უცდიდნენ.

ევროპაში კი სულ სხვა ვითარება სუფევდა. უფრო სტიქიურად მოქმედებდნენ. თუ სახლში ვირუსით ერთი ადამიანი მაინც იყო დაავადებული, მოსახლეობა ასეთი სახლის კარებსა და ფანჯრებს გარედან ქოლავდა ისე, რომ ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევდა საშუალებას, გარეთ გამოსულიყვნენ. ამ დროს ჩვენში სრულიად განსხვავებულად იქცეოდნენ – საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ სხვათა გადასარჩენად.

კორონავირუსის გავრცელებისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ისევე, როგორც შავი და სხვა მრავალი ჭირისგან — ეს ისტორიაც მხოლოდ იმიტომ გიამბეთ, რომ მეტი ვიცოდეთ ჩვენი წინაპრების შესახებ, რომლებმაც კაცობრიობას უნიკალური თავგანწირვის მაგალითი შესთავაზეს. იმედია, მიბაძვა არ დაგვჭირდება, მაგრამ ცოტა რომ ვიამაყოთ, ამით არაფერი დაშავდება...