COVID-19 - ბოლო ცნობები

უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

თურქეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსით დაავადების ნიშნები არ გამოუვლინდათ, განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფახრეტინ კოჯამ.

„თურქეთში უხანიდან ევაკუირებულია 42 ადამიანი, მათ შორის 32 თურქი, ექვსი აზერბაიჯანელი, სამი ქართველი და ერთი ალბანელი. არცერთ მათგანს დაავადების ნიშნები არ აქვს. ისინი საავადმყოფოში კარანტინზე 14 დღის განმავლობაში დარჩებიან“, - ციტირებს კოჯას РИА Новости.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

​ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა. გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან. 328 დაავადებული განიკურნა.