COVID-19 - ბოლო ცნობები

საფრანგეთი უხანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაციას ახორციელებს

ჩინეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ინფორმირებულია იმ რისკების შესახებ, რომლებიც ახალ კორონავირუსს უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. უხანში მიმდინარეობს საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს, განაცხადა ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

შაბათს თურქეთის მოქალაქეებთან ერთად უხანიდან საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ორი კვირის განმავლობაში ისინი ანკარის კლინიკაში კარანტინის პერიოდს გაივლიან.

„ანალოგიურად საფრანგეთში ევაკუირებული მოქალაქეები განთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და შემდეგ გამოემგზავრებიან საქართველოში“, - განაცხადა კოსნტანტინიდმა.

მან აღნიშნა, რომ ორმა თანამემამულემ უხანი ადრე დამოუკიდებლად დატოვა, ხოლო კიდევ ორმა პირმა ევაკუაციაზე უარი განაცხადა და მათ ჩინეთის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინეს.

უხანიდან ანკარაში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

„საქართველოს საელჩოში საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 188 საქართველოს მოქალაქე. გარდა ამისა, არიან მოქალაქეები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ დგანან... ადგილობრივი ქსელების მეშვეობით, პირადი კონტაქტების მეშვეობით უმეტესობა მათგანთან დამყარდა კომუნიკაცია, მოხდა მათი იდენტიფიცირება, ადგილსამყოფელის დადგენა და მიეწოდათ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, რისკებზე, რეკომენდაციებზე, შეთავაზებული იქნა საორგანიზაციო სახის დახმარება“, - განაცხადა კონსტანტინიდამა.

საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ჩინეთის ტერიტორია ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში დატოვა. ამასთან, სამინისტრომ შეიმუშავა თანამემამულეების ქალაქ უხანიდან ევაკუაციის გეგმა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების კერა გახდა.

„მივმართეთ ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც აპირებდა თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას უხანიდან და საბოლოო ჯამში, ჩვენი საელჩოების თურქეთში და საფრანგეთში აქტიური ჩართულობით ეთხოვათ თურქულ და ფრანგულ მხარეებს ევაკუაციაში დახმარების აღმოჩენა“, - აღნიშნა მან.

ბოლო მონაცემები: ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით პირველი პაციენტი დაიღუპა

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ჩინეთიდან დროებით შეაჩერა ფრენები, ასევე ჩინეთიდან ცხოველების იმპორტი აიკრძალა. აეროპორტებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ყველა მოგზაური მოწმდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ჩინეთის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ 14 380 ადამიანს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 304 კაცი შეადგინა.

გარდა ამისა, კორონავირუსით დაავადებაზე ეჭვი არსებობს 19 544 ადამიანის მიმართ, ხოლო კიდევ დაახლოებით 137,6 ათას კაცს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, აკვირდებიან.