რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას „ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“. ამ კონვენციით მსოფლიო საზოგადოებრიობამ პლანეტისთვის ჭაობების მნიშვნელობა გაიაზრა
Sputnik

ჭაობთან დაკავშირებით ბევრ ჩვენგანს საკმაოდ უარყოფითი ასოციაციები გვაქვს. ჭაობის ხსენების დროს ჩვენს წინ წარმოგვიდგება რაღაც შიშისმომგვრელი ბნელი სურათი. ეს კი ნამდვილი ცრურწმენაა, რაც მეტწილად კინემატოგრაფის, ლიტერატურის და ფერწერის დამსახურებაა.

სინამდვილეში ჭარბტენიანი ტერიტორიები (ან წყალ-ჭაობიანი ადგილები) უნიკალურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მეტიც, ეს მთავარი მექანიზმია სასათბურე აირებთან ბრძოლაში. თუმცა, ადამიანის ჩარევის გამო ბევრი ჭაობი ან უკვე გაქრა, ან გაქრობის პირასაა. გამონაკლისს არც საქართველო არ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.

გასულ საუკუნეში მიიჩნევდნენ, რომ ჭაობები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენების მიზნით უნდა დაშრეს. ამიტომაც თავიდან ამ ადგილებში ირგვებოდა ჩაი, ციტრუსები, მარცვლოვანი კულტურები. ხოლო 90-იან წლებში მედლის უკანა მხარეს გადააწყდნენ: დაიწყო ტერიტორიების ხელმეორედ დაჭაობების პროცესი. შედეგად, ჰექტრობით გამოყენებისთვის უვარგისი მიწები გაჩნდა.

რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

„დღეს შეიქმნა ახალი ტენდენცია, - გვიამბობს ეკოლოგი ნინო ჩხობაძე. - ახლა ოდესღაც დამშრალი ჭაობების აღდგენა დაიწყეს. პირველად ჭაობების აღდგენა დაიწყეს აშშ-ში, შემდეგ მათ შეუერთდნენ ბალტიის ქვეყნები, კანადა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროცესია, რომელიც ხელოვნური მცენარეული საფარის დარგვას გულისხმობს“.

რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

ჩხობაძის თქმით, ესტონეთსა და ლიეტუვაში ამაზე ერთი ინსტიტუტი მუშაობს. „საქართველოში კი ამ სფეროში სამუშაოები არ მიმდინარეობს. თუმცაღა ჩვენ დავიწყეთ იმ მიწების აღდგენა, სადაც ოდესღაც ჭაობები იყო, რათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად მათი გამოყენება შევძლოთ. მაგრამ ამ სავარგულების დასაბრუნებლად ძალიან დიდხანს უნდა ვიმუშაოთ“, - აცხადებს ეკოლოგი.

კოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობები

ამასთან ჭაობების კუთხით საქართველოს გაუმართლა. კოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობები, რომლებიც დაახლოებით 1700 წლის წინ გაჩნდა, რამსარის კონვენციის წყალობით დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენს.

ისპანის ჭაობები ქობულეთის ნაკრძალის ნაწილია. ისინი ტორფის ხავსით - სფაგნუმით არის დაფარული, რომელიც შთანთქავს ნახშირორჟანგს და შემდგომში მას ტორფად აქცევს. ტორფი ჭაობების ფსკერზე გროვდება, ის არანაირ ხრწნას არ განიცდის, რადგან ჟანგბადი არ მიეწოდება. ასევე, აქ ულამაზესი შავი წერო ბინადრობს.

საქართველოს ეკოლოგიისთვის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელობა შეუფასებელია. ის წარმოადგენს თავისებურ ბარიერს, რომელიც ხმელეთს რამდენიმე მეტრიანი დიუნების ზოლის წყალობით შავი ზღვის შემოსვლისგან იცავს. კოლხეთის დაბლობი 44 785 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და ათობით სახეობის ცხოველის, მწერის, ფრინველის, განსაკუთრებით გადამფრენი ფრინველების საცხოვრებელ არეალს წარმოადგენს.

რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

„შავი ზღვის იქთიოფაუნის მრავალფეროვნება ასევე კოლხეთის დაბლობის დამსახურებაა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ის მთელი რეგიონის კლიმატს არეგულირებს“, - აღნიშნავს ჩხობაძე.

პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია რელიქტური და ენდემური სახეობის უამრავი მცენარე, ბევრი მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც, მაგალითად, კოლხეთის ბზა.

ჭაობების უკანა მხარე

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მალარიასთან ბრძოლა დაიწყო, უფრო ზუსტად კი მალარიის კოღოსთან. თბილი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი შესანიშნავად უწყობდა ხელს მათ გამრავლებას. სახელმწიფო მეცნიერებთან ერთად მალარიის კოღოსთან ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხით დაიწყო. მთავარ მტრად ჭაობები გამოცხადდა.

რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

დაიწყო ინტენსიური დარგვა იმ ხეების, რომლებიც დიდი რაოდენობით სინესტეს შთანთქავს: ეს არის ევკალიპტები და ჭადრები. როდესაც ამან არ გაჭრა, მოუხმეს ქიმიურ პრეპარატებს. შემდეგ კი გადაწყდა წყალ-ჭაობიან ადგილებში მტაცებლის „ჩანერგვა“ - ეს არის თევზი გამბუზია. ამან გადაჭრა პრობლემა, რადგან გამბუზია იკვებება მალარიის კოღოს მატლებითა და ჭუპრებით და ამით მის პოპულაციას ამცირებს. მტაცებელმა თევზმა შეაჩერა ადამიანის მიერ ჭაობების განადგურება.

საქართველოს ჭაობების ტურისტული პოტენციალი

საქართველოს წყალ-ჭაობიანი ადგილები უკვე იზიდავს ტურისტებს. ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის დასავლეთ საქართველოში, რათა დატკბეს ბუნების სილამაზით, გადამფრენი ფრინველებით და იშვიათი მცენარეების ყვავილობით. მნიშვნელოვანია, რომ წყალ-ჭაობიანი ადგილების ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე უმჯობესდება.

რატომ ეძებენ ტურისტები საქართველოს პირველყოფილ სილამაზეს მის ჭაობებზე

დასავლეთ საქართველოს ჭაობებისა და ტბების გარდა არსებობს ჯავახეთის საოცარი მთის ტბები და ჭაობები. ამ რეგიონის ლანდშაფტი და კლიმატი ცალკე მასალის თემაა. აქ არის მთები, ვულკანური წარმოშობის პლატოები, სტეპები, ალპური მცენარეული საფარი, მდინარეები, ტბები, ჭაობები. ამ ადგილების უდიდესი ნაწილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ეს მიწები რამსარის კონვენციის დაცვის არეალში მოხვდეს.

საქართველოს ჭაობების უნიკალური და იდუმალებით მოცული სამყარო ბუნების პირველყოფილ სილამაზეს მალავს. წყალ-ჭაობიან ადგილებთან დაკავშირებულ ყველა საკითხებს დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტო კურირებს. სააგენტოს თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეჩერდეს ჭაობების გაქრობის პროცესი და ისინი ადამიანისგან დაიცვან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭაობების დაცვით ადამიანები პლანეტის კლიმატს შეუქცევადი ცვლილებებისგან იცავენ.