თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა ასაკი 34-დან 42 წლამდე მერყეობს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
სამართალდამცველებმა მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული. მას „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 10 აბი აღმოაჩნდა.
„რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რ.ჩ.-ს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.