თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის საკრებულოს ოთხივე დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.
ფიზიკური დაპირისპირება: საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი სცემეს – ვიდეო >>
პარასკევს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოში 24 იანვარს მომხდარი ორი ინციდენტის გახსნის შესახებ განაცხადა.
ერთ-ერთი ფაქტი ეხებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცემას. ამ საქმეზე პროკურატურამ პარასკევს წაუყენა ბრალი საკრებულოს სამ დეპუტატს მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“: ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
მეორე ფაქტი ეხებოდა თავად ხაბეიშვილს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება.
ხაბეიშვილს 2 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
ორივე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან ექვსი თვიდან ერთ წლამდე შინაპატიმრობით, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.