თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ამინდის გაუარესების გამო საქართველოს მთელ რიგ საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქართველი სპეციალისტები გუდაურში ზვავის მართვას ისწავლიან>>
მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურად თოვს. გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გარდა კობი–გუდაურის გზისა, სადაც ზვავსაშიშროებაა. აქ გზის გაწმენდა მაშინვე დაიწყება, როგორც კი ზვავის ჩამოწოლის საშიშროება მოიხსნება, აღნიშნავენ დეპარტამენტში.
გარდა ამისა, შეზღუდვები მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ, თოვლიდა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52–ე კილომეტრ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 126-157–ე კილომეტრ მონაკვეთზე. ამავე საავტომობილო გზის 75-126–ე კილომეტრ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლი, ქარბუქი და ნისლი: საქართველოში ამინდი გაუარესდება>>
ანალოგიური შეზღუდვები მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110–ე კილომეტრ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 186-198–ე კმ (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო 30-186–ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული რელიეფის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22–ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენის სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ზამთარი მოგვპარეს“ - ეკოლოგმა განმარტა, რატომ არ თოვს საქართველოში>>
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარატმენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.