მსოფლიო დღეს

„საუკუნის გარიგება“ ტრამპს, ნეთანიაჰუს და, რაც მთავარია, რუსეთს დაეხმარება

ოფიციალური მონაცემების თანახმად, მოსკოვში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის მიზანი რუსეთის პრეზიდენტთან ე.წ. „საუკუნის გარიგების“ განხილვა იყო.
Sputnik

ირინა ალქსნისი

მიუხედავად იმისა, რომ საუბრის დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, კრემლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-ის მიერ შემუშავებულ პალესტინა-ისრაელის ურთიერთობის დასარეგულირებელ გეგმაზე მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ექსპერტთა და დამკვირვებელთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სინამდვილეში ისრაელის ლიდერის მთავარი ინტერესი სამშობლოში ნაამ ისაჰარის დაბრუნებაა, ვინაიდან ეს მას გარანტირებულად მოუტანს სერიოზულ შიდაპოლიტიკურ ბონუსებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია 2 მარტს დანიშნული არჩევნების წინ. 

„საუკუნის გარიგება“ ტრამპს, ნეთანიაჰუს და, რაც მთავარია, რუსეთს დაეხმარება

ისაჰარის საქმის გამო რუსეთ-ისრაელის უთანხმოების მოგვარება მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, ამის მიუხედავად, ვითარება, როდესაც ეს თემა უფრო პრიორიტეტული ჩანს, ვიდრე ამერიკული ინიციატივა – საბოლოოდ მოგვარდეს ისრაელი-პალესტინის საკითხი, მეტყველებს მიმდინარე მოვლენების არსზე, ასევე ამ ე.წ. „საუკუნის გარიგების“ მომავალზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სამშაბათს თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა შესაბამისი 180-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკური და ეკონომიკური ნაწილებისგან შედგება. ამას მოჰყვა დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული წინადადებების პრეზენტაცია.

რეაქცია შტატების ინიციატივაზე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მეტად სკეპტიკური აღმოჩნდა. თან სულაც არ არის აუცილებელი ახლო აღმოსავლეთის საკითხთა სპეციალისტი იყო და პალესტინის საკითხის დეტალებში ერკვეოდე, რომ დაინახო ამერიკის პრეზიდენტის იდეის უპერსპექტივობა.

საკმარისია იმის ხსენებაც, რომ დონალდ ტრამპმა „საუკუნის გარიგებაზე“ ვაშინგტონში ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით ისაუბრა, პალესტინის წარმომადგენლები კი ცერემონიას არ დასწრებიან.

თეთრი სახლის მიერ შემუშავებული წინადადებების თანახმად, მომავალმა პალესტინის სახელმწიფომ უარი უნდა განაცხადოს იერუსალიმზე, უნდა იყოს დემილიტარიზებული, არ უნდა ჰქონდეს თავისი საზღვრების, ტერიტორიული წყლებისა და საჰაერო სივრცის გაკონტროლების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ამერიკელებმა იგნორირება გაუკეთეს პალესტინელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვან დევნილების საკითხს.

ტრამპმა ანტისემიტიზმს მთელ მსოფლიოში გამოუცხადა ბრძოლა: ბრძანება ხელმოწერილია

ესე იგი, დოკუმენტის ზედაპირულად გაცნობის შემთხვევაშიც ირკვევა, რომ ის სავსებით მიუღებელია პალესტინისათვის. ხოლო სრულიად მიუღებელი და დამამცირებელი პუნქტების მასშტაბები და რაოდენობა იმდენია, რომ ეჭვგარეშეა – ავტორებმა ეს განზრახ გააკეთეს.

მოლოდინი დადასტურდა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კატეგორიულად უარყო წინადადებები და მათ შეთქმულება უწოდა, რომელსაც ასრულება არ უწერია. ამასთან, განაცხადა, რომ აპირებს გაეროს უშიშროების საბჭოში შესაბამისი რეზოლუციის გაგზავნას. თურქეთმა დოკუმენტს „მკვდრად შობილი“ უწოდა, ირანმა კი – „კოშმარი მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის“.

რუსეთი შედარებით თავშეკავებული კომენტარით შემოიფარგლა. მისმა წარმომადგენლებმა აკურატულად მიუთითეს გეგმაში არსებულ შეუსაბამობებზე. მაგალითად, გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკელების მიერ გამოქვეყნებულ რუკებზე გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიას ეკუთვნის, მაშინ, როცა გაერო არ ცნობს მის სუვერენიტეტს გოლანებზე.

მოსკოვის მსგავსი რეაქცია სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან სწორედ რუსეთია მიმდინარე მოვლენების მთავარი – შეიძლება ითქვას, სტრატეგიულიც კი – ბენეფიციარი.

ვინაიდან „საუკუნის გარიგების“ უპერსპექტივობა ნათელია ყველა ქვეყნისა და ძალისათვის, რომელიც მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს, მათ შორის იმათთვისაც, ვისაც ვაშინგტონის იდეები თეორიულად ძალიან მოსწონს (მაგალითად, ისრაელისთვის), კანონზომიერად იბადება კითხვა, რას ისახავს მიზნად ტრამპის ეს ჩანაფიქრი.

უფრო პოპულარულია ვერსია, რომ ამით აშშ-ის პრეზიდენტი აგვარებს მის წინაშე არსებულ ოპერატიულ ამოცანებს. ჟურნალის Foreign Policy აზრით, შტატების ლიდერმა შემოთავაზებული გეგმა გადააქცია „თავისი საარჩევნო კამპანიის, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრის საარჩევნო კამპანიის ელემენტად“. The New York Times კი ორივე ლიდერის დამატებით პრობლემებზე საუბრობს: ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაზე და ნეთანიაჰუსთვის მექრთამეობასა და თაღლითობაში წაყენებულ ბრალდებებზე. 

შეხვედრა იერუსალიმში: რუსეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერს ხვდება

ამგვარად, თეთრი სახლი წუთიერი ამოცანების გადასაჭრელად სტრატეგიული რესურსით – ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი ძალის სტატუსით – იხდის საფასურს. ამერიკელებმა წამოაყენეს უტოპიური წინადადებები და ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებით აშშ-ის კიდევ ერთი მარცხია. დღევანდელ სიტუაციაში თეთრმა სახლმა ღიად განაცხადა უარი დამოუკიდებელი შუამავლისა და არბიტრის როლზე. იმის მიუხედავად, რომ ყველასთვის შესანიშნავად იყო ცნობილი აშშ-ის პოზიცია (რეალურად იგი ისრაელს უჭერს მხარს), თეთრი სახლი ფორმალურ ჩარჩოებს მაინც იცავდა, რაც ასევე წარმოადგენდა გარკვეულ რესურსს რეგიონში საქმიანობისთვის.

შედეგად, მთელი ეს ისტორია „საუკუნის გარიგების“ ირგვლივ დაინტერესებული მხარეების მიერ შეფასდება, როგორც აშშ-ის გეოპოლიტიკური დასუსტების მორიგი ეტაპი, მისი უუნარობა – შეასრულოს ნაკისრი ფუნქციები მომავალში.

თუმცა გათავისუფლებულ ადგილს დიდი ხნით არავინ მოაცდენს. მით უფრო, რომ უკვე ჩანს ძალა, რომელმაც დაამტკიცა თავისი პასუხისმგებლობა, სერიოზული მუშაობისთვის მზადყოფნა და ყველაზე რთულ პარტნიორებთან მოლაპარაკების უნარი ისეთ სპეციფიკურ რეგიონში, როგორიცაა ახლო აღმოსავლეთი.

მიმდინარე მოვლენები ამტკიცებს, რომ მოსკოვი არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს ისეთი გეოპოლიტიკური ფუნქციები, რომელთაც ადრე აშშ ასრულებდა.

დონალდ ტრამპისთვის ეს, რასაკვირველია, ნიშნავს კრემლზე მუშაობის ახალი ბრალდებების გარდაუვალობას. მაგრამ ეს უკვე რუსეთის პრობლემა ნამდვილად აღარაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!