თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონებში უახლოეს დღეებში ნალექს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შაბათსა და კვირას მაღალმთიან რეგიონებში თოვლთან ერთად მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა უქმეებზე დაიწევს და ღამით დაბლობში –4 გრადუსი, დღისით კი +10 გრადუსი იქნება. დასავლეთში კი ღამით ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაიწევს, დღისით მაქსიმუმ +12 გრადუსი იქნება.
შავ ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მთაში უხვი ნალექის გამო მოსალოდნელია ზვავების ჩამოწოლა, ასევე მეწყრული პროცესების გააქტიურება.
ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.
დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7; მთაში 0, +2; მაღალ მთაში -4, -2; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2; მთაში -2, 0, მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს.
საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.