მსოფლიო დღეს

პეკინში ქორწინებისა და მიცვალებულთან დამშვიდობების ცერემონიები დროებით აიკრძალა

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 7,7 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქედან უკვე გარდაიცვალა 170 კაცი.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის გამო პეკინის ხელისუფლებამ დროებით აკრძალა გარდაცვლილებთან გამომშვიდობების ცერემონიების ჩატარება და ასევე გააუქმა ქორწინების რეგისტრაციები, რომლებიც პოპულარულ თარიღს — 02.02.2020 ემთხვეოდა, იუწყება China News. 

დადგინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები და გადადების გზები

მიცვალებულებთან გამომშვიდობების ცერემონიის აკრძალვის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ვანძიუნმა ისაუბრა პრესკონფერენციაზე.

„პეკინში 12-მა დამკრძალავმა ბიურომ შეწყვიტა მუშაობა, ვინაიდან თითოეულ ცერემონიას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრება. ასეთი მასშტაბური შეკრებები ხელს უშლის კორონავირუსთან ბრძოლას“, — განაცხადა მან. 

გარდა ამისა, გეგმების შეცვლა მოუწია არაერთ შეყვარებულ წყვილს, რომლებიც 2020 წლის 2 თებერვალს გეგმავდნენ დაქორწინებას. ეს თარიღი მეტად პოპულარულია ჩინეთში, ვინაიდან ამ ციფრების შეთანხმება ჩინურ ენაში შეესაბამება ფრაზას „მე შენ მიყვარხარ, მიყვარხარ მე შენ“. ასეთი თარიღი ათას წელიწადში ერთხელ დგება. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობამ ჩინეთში 7,7 ათას ადამიანს გადააჭარბა. აქედან უკვე გარდაიცვალა 170 კაცი, ხოლო საავადმყოფოებიდან გაეწერა 124.

კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსმა უკვე შეაღწია ქვეყნის ყველა რეგიონში, მათ შორის ტიბეტშიც, რომელიც ამ მომენტამდე ერთადერთ „ჯანმრთელ“ რეგიონად რჩებოდა.