ყვითელი ამბები

„არ არსებობს სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა“ – კობი ბრაიანტის მეუღლე

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილთან ერთად კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მსხვერპლი გახდა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ტრაგიკულად გარდაცვლილი კობი ბრაიანტის მეუღლე ვანესა ბრაიანტი მომხდარ ტრაგედიას პირველად ეხმაურება Instagram-ზე. ქალი მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ტრაგედია გულთან მიიტანა და ლოცულობს კობისა და მისი ქალიშვილის სულებისთვის.

„სრულიად განადგურებული ვართ ჩემი გასაოცარი ქმრის კობისა და ჩემი ძვირფასი ქალიშვილის ჯაიანას გარდაცვალების გამო. ჩვენ ასევე ვიზიარებთ იმ ადამიანების დარდს, რომლებმაც კვირას თავიანთი ახლობელი ადამიანები დაკარგეს. არ არსებობს საკმარისი სიტყვები, რომლითაც ჩვენს ტკივილს აღვწერთ ახლა. ძალიან მინდა, რომ ისინი ახლა ჩვენთან ერთად იყვნენ. არ ვიცი რა გველოდება ამის შემდეგ, რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება მათ გარეშე. რაც ყველაზე მეტად მინდა, ისაა, რომ შემეძლოს მათი ჩახუტება, კოცნა და დალოცვა“, – წერს ვანესა ბრაიანტი.

NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი 13 წლის ჯიჯი ბრაიანტთან ერთად კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მსხვერპლი გახდა. კობი ბრაიანტი, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, 20 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა NBA-ში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" და ხუთჯერ გახდა ლიგის ჩემპიონი, 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა ვარსკვლავების მატჩში, იყო რეგულარული ჩემპიონატის ყველაზე ფასეული მოთამაშე და ორჯერ პლეი-ოფის ფინალური სერიის ყველაზე ფასეული მოთამაშე. NBA-ს ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა ნუსხაში ბრაიანტს მესამე ადგილი ეკავა (33643 ქულა), სანამ რამდენიმე დღის წინ მისი შედეგი ლებრონ ჯეიმსმა არ მოხსნა. აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში კალათბურთელმა 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა და მოიგო ამერიკის 2007 წლის ჩემპიონატი.