COVID-19 - ბოლო ცნობები

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთში ნამყოფი ხუთი პაციენტი რჩება

ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს პნევმონია არ აღენიშნება. მისი განმარტებით, პაციენტების კვლევების საბოლოო პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში რესპირატორული სიმპტომებით ამ ეტაპზე ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი კი ჩინეთის, იუწყება პირველი არხი ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავაზე დაყრდნობით.

გუდაურიდან ჩამოყვანილ ჩინელ ბავშვებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ >>

ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არცერთ მათგანს პნევმონია არ აღენიშნება. მისი განმარტებით, პაციენტების კვლევების საბოლოო პასუხები ცნობილი ხვალ გახდება.

თავდაპირველად ექიმმა განმარტა, რომ გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ, რაც სავარაუდოდ გამორიცხავს კორონავირუსის არსებობას. მისივე თქმით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სერიოზული დარღვევები არ აღენიშნებათ.

„რაც შეეხება ახალ პაციენტებს, საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს, ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური კვლევები და მათთანაც არ დასტურდება პნევმონია, ლაბორატორიული კვლევებით არ არის სერიოზული დარღვევები. ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ამ ეტაპზე ტემპერატურა აქვთ ნორმაში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ასევე გვყავს საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი, რომელთანაც ასევე არ აღინიშნება სერიოზული დარღვევები, მასთანაც ხვალისთვის ველოდები საბოლოო პასუხებს, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
ლევან დავითაშვილი: პროდუქტები ჩინეთიდან საშიში არ არის

ექიმის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან ექიმი მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს ჩინეთში და აქვთ შესაბამისი კლინიკური სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.

„პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯერ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში არ არის. ტექნიკურად დაავადებათა კონტროლში ტარდება კვლევები ყველა შესაძლო რესპირატორულ ინფექციებზე, მათ შორის სხვა დანარჩენ კორონავირუსებზე და გამორიცხვის შემთხვევაში მაღალი რისკის დროს ხდება გაგზავნა დასადასტურებლად სხვა ქვეყანაში. ამ კონკრეტულ პაციენტებზე ჯერ ველოდებით კვლევების შედეგებს“,- აცხადებს ექიმი.

ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულია 7,7 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან შემთხვევების 20%-ში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ერთ დღეში 1,7 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 170 ადამიანი. ეს კორონავირუსის ეპიდემიური აფეთქების მესამე შემთხვევაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა 17 ქვეყანაში.

ახალი მონაცემები კორონავირუსის შესახებ: ცნობილია, ვინ ხვდება რისკის ჯგუფში

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. დროებით შეჩერებულია ავიამიმოსვლა ჩინეთთან, აიკრძალა ამ ქვეყნიდან ცხოველების იმპორტი, დაწესდა კონტროლი აეროპორტებსა და საზღვრებზე, მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული საინფორმაციო კამპანია მოსახლეობაში.

ბრიფინგზე სპეციალისტებმა ყველას მოუწოდეს, არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მათი თქმით, საქართველოს აეროპორტებში ჩამოსულმა ადამიანებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ გადიან სპეციალურ შემოწმებას, რადგან ეს სკანერებით ხდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება ყველანაირ ზომას იღებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ეს ვირუსი არ გავრცელდეს.