საქართველომ მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სულ გამოფენაში 165 ქვეყნის წარმომადგენელი და 11 ათასამდე ტურისტული კომპანია, მათ შორის 15 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Fitur 2020, რომელიც მადრიდში გაიმართა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტებს ზამთარში სვანეთში ეპატიჟება

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს 15-მა ქართულმა კომპანიამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ.

ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოფენაზე ესპანეთის ტურისტული კომპანიების, ონლაინ-პლატფორმების ხელმძღვანელებს და ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდნენ. ვირტუალური რეალობის სათვალეების (VR) საშუალებით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს და პროდუქტებს, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სულ გამოფენაში 165 ქვეყნის წარმომადგენელი და 11 ათასამდე ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას ყოველწლიურად 150 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ და ესპანეთის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ იზაბელ ოლივერმა დაათვალიერეს.