გიორგი ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა მისი ცნობილი ოჯახის გამო, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც პროფესიად მსახიობობა აირჩია და პოპულარული მამის კვალს გაჰყვა. გიორგის პირადი ცხოვრება მუდმივად აქტუალურია. მის პირველ მეუღლეს საზოგადოება კარგად იცნობს.
მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს, გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.
რამდენიმე დღის წინ გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ მან 24 წლის მსახიობზე იქორწინა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი მესამე შვილს ელოდება.
43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი''(უბრალოდ თამაში), „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“. გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია მამის ჩრდილისგან გათავისუფლდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.