მსოფლიო დღეს

უჰანიდან ამერიკელები გაიყვანეს: ევაკუირებულებს ალასკაზე ამოწმებენ – ვიდეო

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, თუ რომელიმე მგზავრს შესაბამისი სიმპტომები აღმოაჩნდება, მას თვითმფრინავის ბორტზე აღარ დაუშვებენ.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან აშშ-ის მოქალაქეთა ჯგუფი გაიყვანა (მათ შორის, დიპლომატები), ალასკის ქალაქ ანკორიჯის აეროპორტში დაეშვა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი KTUU.

მანამდე გაზეთი Wall Street Journal წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩარტერული რეისი დანიშნა 240 ამერიკელის ევაკუაციის მიზნით უჰანიდან, სადაც ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ იფეთქა. გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჯერ კალიფორნიის შტატში, ქალაქ ონტერიოში დაჯდებოდა, სადაც მას საწვავით შეავსებდნენ, შემდეგ კი ალასკაზე უნდა გაფრენილიყო. 

ტელეარხ KTUU-ს ცნობით, თვითმფრინავი ანკორიჯის საერთაშორისო აეროპორტში სამშაბათს, 21:30 საათზე დაეშვა (თბილისის დროით ოთხშაბათის 10:30 სთ). ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სამედიცინო შემოწმებას გადის კორონავირუსზე. 

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, თუ რომელიმე მგზავრს შესაბამისი სიმპტომები აღმოაჩნდება, მას თვითმფრინავის ბორტზე აღარ დაუშვებენ.

მანამდე ტელეარხი CNN აცხადებდა, რომ უჰანიდან ევაკუირებულ ამერიკელებს კალიფორნიაში სამი დღიდან ორ კვირამდე ვადით იზოლაციაში მოაქცევენ. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 6 ათასამდე ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 132 დაიღუპა. გარდა ამისა, დარეგისტრირებულია 9 ათასზე მეტი შემთხვევა დასნებოვნების ეჭვით. ამ დროისათვის აკვირდებიან კიდევ 60 ათასამდე ადამიანს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულებთან.