თბილისის მერიის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახდა

სერვისებს, რომელთა მიღება მხოლოდ დედაქალაქის მერიაში რიგში დგომით იყო შესაძლებელი, ამიერიდან თბილისელები საკუთარ რაიონებში მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ამიერიდან თბილისელები მუნიციპალურ მომსახურებას მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს განახლებულ სერვის-ცენტრებში მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის ურბანული განვითარების სამსახური „ერთი ფანჯრის" პრინციპით იმუშავებს>>

თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზაციასა და მათ ერთ სივრცეში განთავსებას. რეფორმის ფარგლებში ყველა მომსახურებამ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოიყარა თავი. ამ რეფორმის მიზანია ერთიანი მაღალი სტანდარტის მომსახურების დანერგვა „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

„მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჩემმა გუნდმა წამოიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. სერვის-ცენტრები პრაქტიკულად არ არსებობდა და გამგეობებში მოქალაქეებისთვის მომსახურება შეზღუდული მოცულობით გაიწეოდა. ჩვენ მომსახურება გამგეობებიდან გამოვიტანეთ და სერვის-ცენტრები ერთი ქუდის ქვეშ მოვაქციეთ. შესაბამისად, ნებისმიერი სერვისი, რომელიც მერიის ცენტრალურ სერვის-ცენტრში შეგიძლიათ მიიღოთ, დღეიდან ათივე რაიონში იქნება ხელმისაწვდომი", – განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ თბილისის მერია ქვეყანაში ერთ-ერთი იმ სტრუქტურათაგანია, რომელიც მოქალაქეს ყველაზე მეტი რაოდენობის სერვისებს აწვდის. მერიის მუშაობის პრაქტიკულად 80% მუნიციპალურ სერვისებს უკავია. მერის ინფორმაციით, მომსახურების ცენტრში მოქალაქეების მიმართვიანობა დღის განმავლობაში 2,5-3 ათას მოქალაქეს აღწევს.

კალაძე დიზაინერებს მეტროს სადგურების განახლებაში ჩართვას სთავაზობს

ახალ სერვის-ცენტრებში შექმნილია მოქალაქეებზე ორიენტირებული გარემო, მოხსნილია ხელოვნური ბარიერები, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, გაკეთებულია ტაქტილური ბილიკები და დამონტაჟებულია შესაბამისი დაფა ბრაილის შრიფტით.

სერვის-ცენტრები მოქალაქეებს მოემსახურებიან 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო სერვის-ცენტრი მერიაში 09:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

ამ დროისთვის მუნიციპალური სერვისების მიღება შესაძლებელია რვა რაიონში. გამონაკლისია საბურთალოსა და კრწანისის რაიონები. კალაძის განმარტებით, საბურთალოზე მიმდინარეობს შესაბამისი ადგილის შერჩევა, ხოლო კრწანისის ადმინისტრაციას საკუთარი შენობა არა აქვს. დედაქალაქის ხელისუფლება ახალი შენობის მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავს.