თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაიკეტება რუსთაველის გამზირი – პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი.
შეზღუდვა იმოქმედებს 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
წელს თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის 2,8 მლნ ლარი დახარჯა. მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე 304,8 ათასი ევრო დაჯდა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები - 525 ათასი ევრო.
საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.