ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამ მიზნით მოსახლეობამ ვებ-გვერდზე მისთვის სასურველი ავტომობილი უნდა მიუთითოს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე 10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება – ამჯერად სიახლე ბარათაშვილის ქუჩას შეეხება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, 2019 წელს ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი თბილისში ორ ლოკაციაზე – კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.

„რეფორმა ძალზე წარმატებით ხორციელდება. შემდეგი ქუჩა, სადაც ჩვენ გვინდა ანალოგიური პროექტი განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ მოსახლეობის სრული ინფორმირება“, – განაცხადა კალაძემ.
საათობრივი პარკირების სისტემა თბილისის კიდევ ერთ უბანში ამოქმედდება

გარდა ამისა, მერმა შესაბამის სამსახურებს ადგილზე სპეციალური საინფორმაციო ცენტრების განთავსება დაავალა, სადაც მძღოლებს სრული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პარკირება უფასოა. თუმცა, მათ შესაბამის პორტალზე საკუთარი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ. თუ აუცილებელი იქნება, დავბეჭდავთ საინფორმაციო ბუკლეტებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას წარვუდგენთ“, – აღნიშნა კალაძემ.

მერის სიტყვებით, პარკირების საფასურს არ გადაიხდიან ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები, შშმ პირები და ელექტრომობილების მფლობელები.

უფასო პარკირების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე zone-parking.tbilisi.gov.ge ან დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საინფორმაციო ცენტრებს.

თბილისში პარკირება ამ დროისთვისაც არ არის უფასო. ქალაქში პარკირების ერთკვირიანი საფასური 4 ლარია, ნახევარი წლით – 25 ლარი, ერთი წლით – 50 ლარი.