ყვითელი ამბები

ფემინისტისა და ჩოხოსნის ჯვრისწერა: ირინა ტორონჯაძე ფოტოებს ავრცელებს

2019 წლის ოქტომბერში ირინა ტორონჯაძემ საკუთარი დაქორწინების შესახებ დაწერა. მისი რჩეული ჩოხოსანი, „იუმორინის“ მსახიობის ტყუპისცალი ლევან სამყურაშვილი გახდა.
Sputnik

უცხოურ და ქართულ მედიაბაზარზე რეიტინგზე აგებული გადაცემები სკანდალებითა და ეპატაჟითაა მოცული. რამდენიმე წელია ქართულ ტელეარხებზე ირინა ტორონჯაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ხმაურიან წინადადებებსა და განცხადებებს ბევრი ადამიანი იზიარებს. ამიტომ ოთხი წლის წინ ირინამ საკუთარი ბლოგი დააარსა. უფლებადამცველმა პირად გვერდს „ეგოცენტრული წითელქუდა“ დაარქვა. მისმა ნაწერებმა დიდი ხმაური გამოიწვია და უამრავი ქალბატონი გააერთიანა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებების დაცვამდე ირინამ დიდი პროფესიული კარიერა აიწყო. ბევრმა არ იცის, რომ ხმაურიანი ქალბატონი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მას მაგისტრის ხარისხიც მიანიჭეს. 2010 წელს ლექსების კრებული გამოაქვეყნა სახელწოდებით „მძიმეა საფუძველი მსუბუქისა“. მიუხედავად იმისა, რომ ირინა ქალთა უფლებებს იცავს, მას ბევრი ადამიანი უპირისპირდება. საზოგადოების წევრები, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები – არ არსებობს პროფესია და ადამიანი, ვისთანაც ირინა არ კამათობს. ტელეგადაცემებში აქტუალური სტუმარი საზოგადოების გარკვეული წევრების ქალების სიძლიერეში დარწმუნებას ცდილობს. ხშირად მის მონათხრობს აგრესიულად აღიქვამენ და კრიტიკა არ წყდება.

2019 წლის ოქტომბერში ირინა ტორონჯაძემ საკუთარი დაქორწინების შესახებ დაწერა. მისი რჩეული ჩოხოსანი, „იუმორინის“ მსახიობის ტყუპისცალი ლევან სამყურაშვილი გახდა. ირინა ტორონჯაძეს მასმედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აშკარაა, რომ სასურველი მამაკაცი და ცხოვრების მეგზური იპოვა. 25 იანვარს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა. ფოტოებს ირინა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

ინტერვიუებში ირინა აცხადებდა, რომ გვერდით 10-15 სანტიმეტრით მაღალი, ტანადი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი ეყოლება. აღნიშნავდა, რომ გრძელცხვირიანი მამაკაცები არ მოსწონს. „კარგად უნდა იცვამდეს და კაცური იყოს“, – ამბობდა ქალთა უფლებადამცველი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ირინამ მცირე დროში ნამდვილი პრინცი იპოვა. ფოტოებში ირინას წამოზრდილი მუცელიც ეტყობა. როგორც ჩანს, წყვილი პატარას ელოდება.