კონტრაბანდული მედიკამენტები: დაკავებულია ერთი პირი

ბრალდებული საკუთარი ავტომობილით ცდილობდა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით მედიკამენტები.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს მამაკაცი, რომელიც 22 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული მედიკამენტების გატანას ცდილობდა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის" გავლით საკუთარი ავტომობილით ცდილობდა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით მედიკამენტები.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.