ბაგრატის ტაძრის გალავნიდან ტურისტი გადმოვარდა

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გალავანზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 18 წლამდე ასაკის ტურისტი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ქუთაისში დღეს მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არასრულწლოვანი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული.

თვითმხილველების თქმით, ბიჭი გალავანზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადმოვარდა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში აცნობეს, ინციდენტის დროს ბიჭს მშობლებიც თან ახლდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდას პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე აღმოუჩინა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯამრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.