უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი შემოჰქონდათ

კანონდამრღვევი პირები საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ქართველმა მებაჟეებმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის საზღვრებზე კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„წითელი ხიდის", „ლაგოდეხის", „სადახლოსა" და „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტებში უცხოეთის მოქალაქეებისგან საქართველოს ტერიტორიაზე ჯამში 46 ათასამდე ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცათ.