კახა კალაძე დაღუპული მორაგბის ოჯახს უსამძიმრებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ბურდიაშვილმა ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. იგი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ქართველი მორაგბის ბექა ბურდიაშვილის დაღუპვის გამო, რომელიც საფრანგეთში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

საფრანგეთში ავარიას ქართველი მორაგბე ემსხვერპლა

„ჩვენ დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. დავკარგეთ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი. ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს, მეგობრებს და თანაგუნდელებს. რაგბის სამყაროს მისი სახით დიდი სპორტსმენი დააკლდა. მომავალ თაობებს ის მუდამ ემახსოვრება, როგორც მაგალითი შრომით და მონდომებით მიღწეული წარმატებისა", – დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

28 წლის ბექა ბურდიაშვილი, ფრანგული კლუბ Graulhetois-ს მოთამაშე, საფრანგეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაიღუპა. ფრანგულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც სპორტსმენი კლუბ Lavaur-თან მორიგ თამაშზე მიემგზავრებოდა. მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. იგი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

მისი გუნდის მოთამაშეებმა საშინელი ტრაგედიის შესახებ თამაშის წინ შეიტყვეს, როდესაც ტრადიციულ სადილზე შეიკრიბნენ. დაგეგმილი თამაში კი აღარ შედგა.

ბექა ბურდიაშვილს საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშია. Graulhetois საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში – TOP-15-ში ასპარეზობს.