ყვითელი ამბები

„ყველაფერი გაივლის“ – ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე არხის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ უძღვება. ნინო შუბლაძე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა – ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსად.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი და სოფო შუბლაძე ავრცელებს.

როგორი იყო „მთავარი არხის“ და „რუსთავი 2“-ის რეიტინგი – ჟორჟოლიანი სტატისტიკას აქვეყნებს

ნინო შუბლაძის და „ფეისბუქზე“ წერს, რომ დროული სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება მაინც დასჭირდა.

„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი... ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“, – წერს სოფო შუბლაძე.

ნინო შუბლაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. ნინო შუბლაძე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა – ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსად და არხის გენდირექტორის მოადგილედ. ამავე არხზე მას მიჰყავდა პოლიტიკური თოქ-შოუ „პოზიცია“. „რუსთავი 2“ მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა და მალევე მუშაობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად (საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით) დაიწყო.

გვარამიას „მთავარი არხი“ - „რუსთავი 2"-ის ალტერნატივა?

ბოლოს, 2019 წლის გაზაფხულამდე ჟურნალისტი პარტია „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. 17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.