ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
Sputnik
ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
„ჯერჯერობით ჩინეთის ქალაქ უჰანიდან შემოსულ პირებზე ჩატარებული მეთვალყურეობის შედეგად დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს ვირუსი ჯერჯერობით არის მხოლოდ რეგისტრირებული ჩინეთის პროვინციის ერთ-ერთ ქალაქში, უჰანში. ყველა პირი, ვინც კი ავად გახდა, თუნდაც ჩინეთის გარეთ, არის ინფიცირებული ქალაქ უჰანიდან წამოსული ინფიცირებული ადამიანებისგან. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ინფექციის კერას და გამარცელებელს წარმოადგენს ქალაქი უჰანი“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

ჩინეთის ხელისუფლებამ 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქება აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ კორონავირუსთან 2019-nCoV. დაავადება გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში. დაავადებულთა საერთო რაოდენობამ ჩინეთის მატერიკულ ნაწილში 2744 კაცს მიაღწია, რომელთაგან 80 გარდაიცვალა.