თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს და თბილისში ველოსიპედი მოჰპარეს, ახალი ველოსიპედი აჩუქეს. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვივიშვილი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა. ჩვენს ბრიტანელ სტუმარს ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა“, – წერს მარიამ ქვრივიშვილი.
კერძოდ, კემპბელმა საჩუქრად მიიღო ველოსიპედი Bikes.ge-სგან, ორი ღამე სასტუმროში Best Western Gudauri და ტრადიციული ქართული ვახშამი და ორი ღამე ჰოსტელში Fabrika.
როუან კემპბელი ამბობს, რომ ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელთან მოჰპარეს. “ერთ წელზე მეტია ვმოგზაურობ და ველოსიპედით 11 ქვეყანა და 7500 კმ გავიარე… მოგზაურობის გაგრძელება მინდა“, – დაწერა მოგზაურმა.