ბათუმის ყოფილ მერს შვიდი წლით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ერმაკოვთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ აჭარის მთავრობისა და მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის გაფლანგვაში ბრალდებულ ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბათუმის ყოფილი მერი პატიმრობაში რჩება

საქმე ეხება ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარის მითვისებას, რომელიც „იაფი სახლის" პროექტისთვის იყო განკუთვნილი. გიორგი ერმაკოვთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვთ აგრეთვე აჭარის მთავრობისა და მერიის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. ისინი 2019 წლის 30 მაისს დააკავეს.

ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ერგასლან ლომაძეს. საქმეზე ბრალდებულ კიდევ ოთხ პირს კი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს არჩილ ვანაძეს, სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო.

ერმაკოვის ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს სააპელაციო სასამართლოში.

საქმის დეტალები

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2015 წლის 9 ოქტომბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი პროექტ "იაფი სახლის" ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს ზემოხსენებულმა პირებმა, რომლებიც იმ დროს ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდნენ.

„თანამდებობა არ არის პრივილეგია" – აჭარის მთავრობის მეთაური ჩინოვნიკების დაკავებაზე

ტენდერის პირობების თანახმად, შენობის მშენებლობისას უნდა გამოეყენებინათ მსუბუქი ფოლადისგან დამზადებული თხელი კონსტრუქციები. ამასთან, ტენდერის გამოცხადებამდე კომისიის წევრებმა იცოდნენ, რომ მსგავს შენობებს აშენებდა საქართველოში რეგისტრირებული მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც ასეთი პროექტის განხორციელება ადრეც შესთავაზეს.

ტენდერი გამოცხადდა ბაზრის ფასების კვლევის გარეშე, მხოლოდ ხსენებული კომპანიის საპროექტო და საანგარიშო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შედეგად, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – Convent Georgia-მ, რომელიც უცხოური საწარმოს ფილიალია.

გამოძიების ცნობით, ტენდერში კომპანია Convent Georgia-მ გაიმარჯვა. მან თანხა მას შემდეგ მიიღო, რაც კომისიას წარუდგინა შეთანხმების საბანკო უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც ლონდონში დარეგისტრირებულმა Point Bank LTD-მ გასცა. როგორც პროკურატურამ გამოარკვია, Point Bank LTD არ არის ბანკი, უფრო მეტიც, იგი არააქტიური კომპანიაა.

ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ ბათუმის მაშინდელმა მერმა გიორგი ერმაკოვმა არჩილ ვანაძეს, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს დაავალა Point Bank LTD-ს საიმედოობის, გადახდისუნარიანობისა და რეიტინგის შესწავლა. ამ უკანასკნელმა გაარკვია, რომ კომპანიას რეიტინგი არ ჰქონდა.

იმავდროულად ბათუმის მერიამ მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საბანკო გარანტია უნდა გაეცა მხოლოდ საიმედო საერთაშორისო ან ქართულ კომერციულ ბანკს.

პროკურატურის მტკიცებით, ერმაკოვმა და სატენდერო კომისიის წევრებმა არ გაითვალისწინეს ეროვნული ბანკის რჩევა და ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, შეეჩერებინათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Convent Georgiа-სთან, ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს. ხელშეკრულება 4,3 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე გაფორმდა.

კორუფცია ტექდათვალიერებისას: პასუხისგებაში 7 პირია მიცემული

ამის შემდეგ Convent Georgiа-მ მერიას Point Bank LTD-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ეგარსლან ლომაძემ (მერიის ფინანსური სამსახურის ყოფილი უფროსი) და მისმა მოადგილემ არჩილ ვანაძემ იცოდნენ, რომ Point Bank LTD ბანკი არ იყო და მის მიერ გაცემული საბანკო გარანტია საიმედო საბუთს არ წარმოადგენდა, მაინც გადარიცხეს Convent Georgiа-ს ანგარიშზე 1,6 მილიონი ლარი ავანსის სახით.

კომპანიამ, თავის მხრივ, შეასრულა მხოლოდ 251,1 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სერიოზულად იზარალა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა" და „სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება", რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.