ილია მეორე: წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

საეკლესიო კალენდარი: 27 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა, მათ შორის სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებულია ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა.

„ეს არის სასწაული. მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის", – აღნიშნა ილია მეორემ.

საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს, და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, წმინდანის საფლავთან დღემდე აღესრულება უამრავი სასწაული.