უბედური შემთხვევა ცაგერში: მაშველებმა მდინარიდან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებდა, სოფელ ჩხუტელში ცხენისწყლის არხში გადავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, მდინარე ლაჯანურიდან მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა ცაგერის მუნიციპალიტეტში 23 იანვარს მოხდა. ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებდა, სოფელ ჩხუტელში ცხენისწყლის არხში გადავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა. ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა გახდა.

უბედური შემთხვევა ცაგერის რაიონში: მდინარემ კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველივე დღეს იპოვეს ერთი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა.

„საძიებო სამუშაოები საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფი მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, წყალსაცავის მიმდებარედ  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები მუშაობდნენ. ასევე, თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეცტექნიკით. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.