ტრაგედია ქვიშხეთთან: ავარიის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაჰყავთ

ახალგაზრდა ქალის მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანა ექიმებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაშავებულის გულის რიტმის ამუშავება შეძლეს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული 30 წლის ქალი ხაშურიდან მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. ავტომობილში ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ქვიშხეთთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი

ავარიის დროს დაშავებული ქალის გადარჩენას ხაშურის საავადმყოფოში ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით,  ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანა ექიმებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაშავებულის გულის რიტმის ამუშავება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.